იბერია 1999, გორის დილა
Aa
Aa

CB ეროვნული ლიგა: 2 ტურით ადრე კვლავ ორხელისუფლებიანობა

დღეს Crystalbet ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის მატჩები გაიმართა. თავიანთი მატჩები მოიგო საჩემპიონო რბოლაში  მყოფმა ორმა ფავორიტმა - „იბერიამ“ და „დილამ“.

„იბერია 1999“-მა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, გამარჯვების მომტანი ბურთი 82-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გაიტანა. მოედანზე დაძაბულობა ამის შემდეგაც გაგრძელდა და 96-ე წუთზე მათე ვაწაძე მოედნიდან გააძევეს. 36 წლის ფორვარდმა დარტყმის მცდელობის დროს მეტოქეს ფეხი სახეში ჩაარტყა, რის შემდეგაც მეორე ყვითელი მიიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ, „იბერიას“ 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა.

ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო.

გორელებმა შეხვედრა შედარებით მშვიდად ჩაატარეს. პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მე-14 წუთზე დეო ბასინგამ მეტოქის დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 41-ე წუთზე კი აბუბაქარ კონტემ თავისი გუნდის მრავალსვლიანი და ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

„სამგურალმა“ პრესტიჟის გოლის გატანა 91-ე წუთზე შეძლო, თუმცა სტუმრებმა მოედანზე ვითარება მეტად ვეღარ დაძაბეს.

74 ქულა აქვს „დილასაც“, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსით პირველ ადგილზე „იბერია“ იმყოფება.

კვირას, 30 ნოემბერს, 35-ე ტურში გორელები სტუმრად „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდებიან. „იბერია“ კი „მიხეილ მესხი 2-ზე“ „გარეჯს“ შეხვდება.

დღეს ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი 1913“ 4:0 დაამარცხა. გოლების ავტორები პაატა ღუდუშაური, კომნენ ანდრიჩი, ბიორნ იონსენი და ვლადიმერ მამუჩაშვილი გახდნენ.

„ტორპედო“ 59 ქულით მესამეა, ხოლო „კოლხეთი“ 22 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება, რომელიც უკვე ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები