წიტაიშვილის სადებიუტო გოლი და ბოლო წუთების დრამა - მეცის დასანანი მარცხი
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
ქართველებიდან, მთავარმა მწვრთნელმა წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, გიორგი აბუაშვილი კი სამწუხაროდ, ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია. თავის მხრივ, თავისი შანსი გამოიყენა გიორგი წიტაიშვილმა და „მეცის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლის გატანაც შეძლო.
მე-2 წუთზე, მბაუმ მასპინძლები დააწინაურა, ზუსტად 4 წუთში კი გიორგი წიტაიშვილმა თანაგუნდელის გადაცემა იდეალურად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. როგორც გითხარით, 25 წლის შემტევისთვის ეს „მეცის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი იყო. გიორგი წიტაიშვილი მთავარმა მწვრთნელმა 68-ე წუთზე შეცვალა.
დარჩენილ დროში, 48-ე წუთზე „ბრესტი“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, ამჯერად დუმბიას გოლით, 79-ე წუთზე კი კულიბალის ავტოგოლით „მეცმა“ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის მიწურულს, „მეცის“ კარში მთავარმა მსაჯმა ვარზე გადამოწმების შემდეგ პენალტი ორჯერ დანიშნა. ჯერ 95-ე წუთზე, რომელიც დელ კასტილიომ დაარტყა და სტუმართა მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი სამ წუთში, პენალტი ამჯერადაც დელ კასტილიომ შეასრულა, თუმცა ამჯერად ზუსტად და საბოლოოდ, თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
მატჩის მიმოხილვა:
გიორგი წიტაიშვილის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 26 შეხება, 14-დან 8 ზუსტი პასი, 3-დან 1 ზუსტი გრძელი გადაცემა, კარისკენ 1 დარტყმა, 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 5-დან 1 მოგებული პოზიციური დუელი, 1-დან 1 საჰაერო დუელი, ბურთი ერთხელ დაიბრუნა. ცნობილ ანალიტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 7.5 ქულით შეფასდა.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „მეცის“ რიგებში მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება აბუაშვილს, მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და წიტაიშვილის მსგავსად 1 გოლის გატანა შეძლო.
„მეცმა“ 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. 13 ტურის შემდეგ, ქართველების გუნდს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რენის“ წინააღმდეგ გამართავს.