„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ - კიტეიშვილი მარცხმა გააბრაზა
ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ლასკ-ს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
გრაცელები მე-7 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა დააწინაურა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს და დამსახურებულადაც დამარცხდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა კომენტარი Sky Sports Austria-სთან გააკეთა და ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგემის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.
რა თქვა კიტეიშვილმა:
„კარგი თამაში ნამდვილად არ იყო. ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. მარცხში მთელი გუნდია დამნაშავე, არა მხოლოდ დაცვა. არ ვიცი, რაშია პრობლემა, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რაღაც უნდა შეიცვალოს.“
დღევანდელ მარცხში დამნაშავე ყველაზე ნაკლებად ოთარ კიტეიშვილი იყო. ქართველი ნახევარმცველი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა და მასპინძელთა შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 8.6 ქულა.
თოთხმეტ ტურში დაგროვებული 22 ქულით „შტურმი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 3 საგოლე პასია. შუა კვირაში, 27 ნოემბერს, გრაცელები ევროპა ლიგაზე სტუმრად „პანათინაიკოსთან“ ითამაშებენ, ხოლო ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 30 ნოემბერს, ასევე გასვლაზე „ჰარტბერგს“ შეხვდებიან.