ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილის მეცხრე გოლი - შტურმი ლასკთან დამარცხდა

ავსტრიის ბუნდესლიგის XIV ტურში „შტურმი“ საკუთარ სტადიონზე „ლასკთან“ 1:3 დამარცხდა და გრაცის გუნდის მოუგებელი სერია ყველა ტურნირის ჩათვლით შვიდ მატჩამდე გაიზარდა. მარცხში დამნაშავე ყველაზე ნაკლებად მასპინძლების ქართველი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა და მთელი შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ აქტიური იყო.

კიტეიშვილმა ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა, როდესაც კარგი შეტევა წამოიწყო და იერიშის ბოლოს სტუმართა საჯარიმოში ჩარბენილმა მშვენიერი თავური დარტყმით გაიტანა. საერთო ჯამში ოთარმა 10-ბალიანი სისტემით 8.6 შეფასება მიიღო, რაც მასპინძლებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

იმის მაგივრად, რომ დაწინაურებულ გრაცელებს უპირატესობა განემტკიცებინათ, ყურადღება მოადუნეს და ორწუთიან ინტერვალში საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღეს. ამას მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმართა კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და ყველაფერი მათ სასარგებლოდ გადაწყდა.

თოთხმეტ ტურში დაგროვებული 22 ქულით „შტურმი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 3 საგოლე პასია. შუა კვირაში, 27 ნოემბერს, გრაცელები ევროპა ლიგაზე სტუმრად „პანათინაიკოსთან“ ითამაშებენ, ხოლო ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 30 ნოემბერს, ასევე გასვლაზე „ჰარტბერგს“ შეხვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟს მკვდარი ბურთი აუღეს - ვილიარეალმა მალიორკას მოუგო
ჟორჟს მკვდარი ბურთი აუღეს - ვილიარეალმა მალიორკას მოუგო