სენ-პიერი: ჩიმაევი უბრალოდ შეუჩერებელია, ადრე ასე არ ვფიქრობდი
UFC-ის ორ წონით კატეგორიაში ყოფილი ჩემპიონი, ჯორჯ სენ-პიერი, პატივს სცემს ხამზატ ჩიმაევს, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში დომინანტური სტილით ქამარი მოიპოვა, როცა საშუალო წონის ჩემპიონი დრიკუს დიუ პლესი უშანსოდ დაამარცხა.
„ხამზატ ჩიმაევი კიდევ ერთი ბიჭია, რომელიც უნდა ვახსენოთ, როდესაც საუკეთესოებზე ვსაუბრობთ წონის მიუხედავად (Pound-for-Pound). ის ახლა ამ სიაშია. ის ძალიან მრავალმხრივია, ყველა ასპექტში ძალიან კარგად მომზადებული. ადრე მეგონა, რომ მის წინააღმდეგ კარგი შანსები ექნებოდათ ისეთ მებრძოლებს, როგორებიც არიან ბო ნიკალი და რობერტ უიტაკერი, მაგრამ ახლა არ ვიცი, ვინ შეძლებს მის დამარცხებას – ის უბრალოდ შეუჩერებელი ჩანს“,
– განაცხადა ლეგენდარულმა კანადელმა ჰელენ იისთან ინტერვიუში.
გუშინ, ხამზატ ჩიმაევმა, რომელიც კატარში მეგობრის, არმან ცარუკიანის მხარდასაჭერად ჩავიდა, განაცხადა, რომ მას ფეხზე მცირე ოპერაციის გადატანა მოუწევს, ხოლო ჩემპიონის ქამრის დაცვას რამადანის შემდეგ გეგმავს.