„რამადანის დასრულებამდე მახაჩევი არ იჩხუბებს“ - ხაბიბ ნურმაგომედოვი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მას არ სურს, მახაჩევმა თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე იჩხუბოს, თუმცა ამის მიზეზი „არწივს“ არ დაუსახელებია.
„ვფიქრობ, მახაჩევი მომდევნო ბრძოლას უკვე რამადანის შემდეგ გამართავს. რამადანამდე სამი თვე დარჩა [მომავალი წლის თებერვალში დაიწყება]. თუ რამადანის დაწყებამდე ვჩხუბობთ, ახლა უკვე მომზადება უნდა გვქონდეს დაწყებული.
თეთრი სახლის ღონისძიება? მართალი გითხრათ, უკვე არ მაინტერესებს, ვინ იქნება ამ ქარდზე და ვინ - არა. თუ ისლამს აჩხუბებენ, ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა იქნება. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არ მინდა, რომ ისლამმა თეთრ სახლში იჩხუბოს. რატომ? უბრალოდ არ მინდა“.
შეგახსენებთ, რომ UFC 322-ზე ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენას მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
ბრძოლის შემდეგ ისლამმა განაცხადა, რომ მზადაა 2026 წლის ივნისში თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე იჩხუბოს. მეტიც, მახაჩევის თქმით, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, ტიტულის პირველ დაცვას ის კამარუ უსმანის წინააღმდეგ გამართავდა.