„ჯერ მზად არაა“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუ ზივზივაძეზე
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი პირველი კითხვა მას ტრავმირებულების, მათ შორის ბუდუ ზივზივაძის მდგომარეობაზე დაუსვეს.
„ნიკ როტვალიერი ხვალ ვერ ითამაშებს. კუნთოვანი ტრავმების გამო ადამ კიოლე და ლეო სტერგიუ გამოგვაკლდნენ - ვნახოთ, როდის შეძლებენ ისინი დაბრუნებას. ბუდუ ზივზივაძე და კრისტიან კონტე ჯერ სათამაშოდ მზად არ არიან, ხოლო ბენედიქტ გიმბერი „დორტმუნდთან“ მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
„ინტერთან“ „დორტმუნდს“ 2-3 კარგი კონტრშეტევა ჰქონდა პირველ ტაიმში, ბურთსაც კარგად აკონტროლებდნენ. სერჰუ გირასის ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მხოლოდ ამ მატჩით არ ვხელმძღვანელობთ - ბუნდესლიგაში მათი წინა მატჩებიც ვნახეთ. სახლში ისინი ძალიან ცოტა გოლს უშვებენ, მათზე ნაკლები მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს გაშვებული. ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, ასე რომ რთულ მატჩს ველოდებით“.
ცნობისთვის, ბუდუ ზივზივაძემ მუხლის ტრავმის გამო „ჰაიდენჰაიმის“ 7 მატჩი გამოტოვა - ბოლოს მან 22 ნოემბერს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ითამაშა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 1 გოლია.
რაც შეეხება „ჰაიდენჰაიმს“, ფრანკ შმიდტის გუნდი 13 ქულით ბუნდესლიგის ბოლო, მე-18 ადგილზეა.