რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„გამოუცდელობის გამო შეცდომები დავუშვით“ - სვანაძე ბერძნებთან მარცხზე

ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საკმაოდ მტკივნეული მარცხი იწვნია. ბუნებრივია, ათენში საბერძნეთის ასაკობრივი გუნდი, რომელიც ამ მატჩამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა, ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ქართველი ფეხბურთელები სამბურთიანი სხვაობით დამარცხებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარის დროს და წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

რამაზ სვანაძე

ძალიან ძლიერ გუნდთან დავმარცხდით, საბერძნეთის ეს თაობა მართლაც გამორჩეულია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყველა თამაში მოიგეს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. მატჩი მონაკვეთებად იყო დაყოფილი - პირველი ტაიმის ბოლო წუთები პირწმინდად ჩავაგდეთ. იყო ინდივიდუალური შეცდომები, რაც ბიჭების გამოუცდელობით იყო განპირობებული.

მეორე ნახევარში თითქოს შევძელით თამაშში დაბრუნება და დასანანია, რომ როდესაც უპირატესობა მოვიპოვეთ, პენალტი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ფეხბურთია და მსგავსი რაღაცეები ხშირად ხდება. იმასაც აღვნიშნავ, რომ წინა სამი ტურისგან განსხვავებით, შეცვლილი დაცვის ხაზით მოგვიწია ასპარეზობა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით.

ამასთან, სპორტული კუთხე დროებით რომ დავივიწყოთ, ახალგაზრდული გუნდის მთავარი ფუნქცია ეროვნულისთვის კადრების მომზადებაა და მიხარია, რომ ჩვენი ორი უკანა ხაზელი მთავარ ნაკრებში მოხვდა. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ათენში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ტრიბუნებიდან გულმხურვალედ გვქომაგობდნენ.

ცნობისათვის, ოთხ ტურში დაგროვებული ხუთი ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში რამაზ სვანაძის გუნდი თბილისში გერმანელებს უმასპინძლებს და თამაში 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შიშის გარეშე თამაში და ამბიციის დაბრუნება | ვილიმ მიზნებზე ისაუბრა
შიშის გარეშე თამაში და ამბიციის დაბრუნება | ვილიმ მიზნებზე ისაუბრა