გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ ზედიზედ მესამედ მოიგო

“ორლანდომ” ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. “პორტლენდთან” (115:112) და “ნიქსთან” (127:104) მიღწეული წარმატების შემდეგ, გოგა ბითაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერად “ბრუკლინს” აჯობეს და საკუთარ დარბაზში “ნეტსი” 7-ქულიანი სხვაობით, 105:98 დაამარცხეს. მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ქართველ კალათბურთელს 16 წუთი მისცა თავის გამოჩენის საშუალება და მართალია შედეგიანი თამაში არ ჰქონია, მაგრამ გოგამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი მაინც შეიტანა.

ბითაძემ 6 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება შეასრულა. “მეჯიქის” ქართველმა ცენტრმა საშუალო დისტანციიდან ოთხიდან სამი ტყორცნა გამოიყენა, პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი ერთხელაც არ უსვრია. რვა მოხსნიდან სამი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

შვიდი მოგებითა და ექვსი წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად “ჰიუსტონ როკეტსთან” გამართავენ, რომელიც თბილისის დროით ორშაბათს, გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა მოიშუშა - მამუკელაშვილის ტორონტომ კლივლენდი დაამარცხა
ტრავმა მოიშუშა - მამუკელაშვილის ტორონტომ კლივლენდი დაამარცხა