10 ქულა ყოფილ გუნდთან - შენგელიამ ვირტუსი დაამარცხა
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული გათამაშების XI ტური თორნიკე შენგელიასთვის განსაკუთრებული იყო - „ბარსელონას“ 34 წლის ქართველი ლეგიონერი ყოფილ გუნდს, „ვირტუსს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე კატალონიელებს საკმაოდ გაუჭირდათ, საბოლოოდ თორნიკემ და მისმა თანაგუნდელებმა ბოლონიელები 7-ქულიანი სხვაობით, 88:81 დაამარცხეს და ახალ მთავარ მწვრთნელს, ხავი პასკუალს წარმატებული დებიუტის მოწყობაში დაეხმარნენ.
შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 24 წუთში თავი 10 ქულით, 7 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთხიდან ერთი სამქულიანი, ოთხიდან ერთი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. შვიდი მოსხსნიდან ოთხი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
შვიდი მოგებითა და ოთხი წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. კვირას, 16 ნოემბერს, თორნიკე შენგელია კიდევ ერთხელ ითამაშებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, თუმცა ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში „ბასკონიასთან“ - შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.