ლტოლვილობიდან NBA-მდე: ლუოლ დენგი - ადამიანი, რომელმაც სამხრეთ სუდანი ოლიმპიადაზე გაიყვანა
Aa
Aa

ლტოლვილობიდან NBA-მდე: ლუოლ დენგი - ადამიანი, რომელმაც სამხრეთ სუდანი ოლიმპიადაზე გაიყვანა

სამხრეთ სუდანის საკალათბურთო ნაკრები 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე, თითქმის ყველაზე განხილვად გუნდად იქცა.

თავად სახელმწიფო პოლიტიკურ რუკაზე მხოლოდ 2011 წელს გაჩნდა, ხოლო ქვეყნის ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი 2017 წელს ჩაატარა. გამოუცდელობამ აფრიკელი კალათბურთელები სულაც არ დააბნია და ოფიციალური დებიუტიდან სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, მათ 2024 წლის თამაშების კვალიფიკაცია მოიპოვეს.

სამხრეთ სუდანის ნაკრების წარმატების უკან, მოთამაშეებისა და მწვრთნელის გარდა, დგას კიდევ ერთი ადამიანი, რომლის წვლილის შეფასება ამ ყველაფერში ძალიან რთულია.

ეს ადამიანი ლუოლ დენგია. NBA-ის ყოფილი მოთამაშე ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოთამაშეებს არაფერი არ გაუჭირდეთ.

დენგი სამხრეთ სუდანიდანაა. როდესაც ის 3 წლის იყო, სამოქალაქო ომმა ოჯახი აიძულა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. მამამ ის და მისი 8 და-ძმა ეგვიპტეში გაგზავნა, სადაც პატარა ბინაში ცხოვრობდნენ.

სწორედ იქ გაიცნო პატარა ლუოლმა NBA-ის ვარსკვლავი, მანუტე ბოლი. ის მისი მენტორი გახდა და კალათბურთის თამაში ასწავლა.

„მანუტე იცავდა სწორ პრინციპებს. ყველა აღნიშნავდა მის სიმაღლეს, ის ცნობილი კალათბურთელი იყო, მაგრამ არასოდეს ავიწყდებოდა სამშობლო. პოპულარობამ ის არ შეცვალა. მე კალათბურთის თამაში მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ მანუტემ შვებულება აიღო, რათა სამხრეთ სუდანელ ლტოლვილებს დახმარებოდა. რომ არა ისეთი ადამიანები, როგორიც ის იყო, რომლებიც არ ივიწყებდნენ თავიანთ თანამემამულეებს, მე არასოდეს მექნებოდა ასეთი შესაძლებლობა“, - იხსენებდა მოგვიანებით დენგი.

1993 წელს დენგის მამა პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს. 3 თვის შემდეგ, როდესაც ის გაათავისუფლეს, ოჯახი ეგვიპტიდან წაიყვანა და ლონდონში გადაასახლა.

ლუოლ დენგი

ინგლისში დენგის შესაძლებლობები ამერიკელმა საკალათბურთო სკაუტმა შენიშნა და 14 წლის ყმაწვილს სტიპენდია შესთავაზა ნიუ-ჯერსის აკადემიაში. ახალგაზრდა ვუნდერკინდმა ისევ ჩაალაგა ბარგი და აშშ-ში გაემგზავრა.

ეს გადაწყვეტილება წარმატებული გამოდგა. დენგმა ერთი წელი დიუკის უნივერსიტეტში ისწავლა, ხოლო 2004 წლის NBA-ის დრაფტზე „ჩიკაგო ბულზმა“ ის მეშვიდე ნომრად აირჩია.

2006 წელს დენგმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო. მან თავისი მეორე სამშობლო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე წარადგინა.

NBA-ში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ლუოლი ორჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ევროპასა და აშშ-ში გაატარა, დენგს არასოდეს დავიწყებია თავისი ფესვები. მთელი კარიერის განმავლობაში ის ეხმარებოდა ლტოლვილებს ყველგან, სადაც კი შეეძლო.

ლუოლ დენგი

2005 წელს, დენგმა სამხრეთ სუდანში დააარსა The Luol Deng Foundation. ეს არაკომერციული ორგანიზაცია ახალგაზრდა კალათბურთელებს ეხმარება.

მოგვიანებით მან დააფუძნა Deng Camp – ყოველწლიური საზაფხულო საკალათბურთო ბანაკი ნიჭიერი ბრიტანელი მოთამაშეების შესარჩევად. მსგავსი ბანაკი სამხრეთ სუდანშიც გაიხსნა, რისი წყალობითაც ადგილობრივ მოსახლეობას აშშ-ში თავის გამოჩენის შანსი მიეცა.

2006 და 2007 წლის ზაფხულში, დენგი მოგზაურობდა აფრიკაში, აზიასა და ევროპაში NBA-ის სოციალური პროექტის „კალათბურთი საზღვრების გარეშე“ ფარგლებში. ის იყო საქველმოქმედო ორგანიზაციების School Home Support, „სუდანის დაკარგული ბავშვების“ და მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩი.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის კალათბურთის დაფინანსება შეამცირეს.

დენგს ესმოდა, რომ ბავშვებს სპორტით დაკავების ნაკლები შესაძლებლობა მიეცემოდათ. ამიტომ, 2014 წელს მან ლონდონის მშობლიურ რაიონ ბრიქსტონში დააარსა DENG Academy. აკადემიის მიზანია – დაეხმაროს ახალგაზრდებს პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზებაში და შესაძლოა, დენგის კვალდაკვალ დიდი სპორტული მიღწევებისკენ წასვლაში.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, დენგი ბევრს დაეხმარა. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, ის არა მხოლოდ განაგრძობს არსებული პროექტების მხარდაჭერას, არამედ მეტი წვლილის შეტანა სურს.

2019 წლის ნოემბერში ის სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ლუოლ დენგი

2022 წლის თებერვალში დენგის ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად, სამხრეთ სუდანში ახალგაზრდული ბანაკი გახსნა.

„მე ძალიან ვამაყობ. როდესაც სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი, ყველას ვეუბნებოდი, რომ ჩემი მიზანი იყო მოვხვედრილიყავით აფრობასკეტზე, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე. ახლა კი ამ ყველაფრის მიღწევა შევძელით. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ეს ის არის, რაც ვიცოდი, რომ შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ვიცოდი, რომ ამისთვის ბევრი შრომა იყო საჭირო. მთელი ცხოვრება მინდოდა, ჩვენი ქვეყნის დროშა ოლიმპიადაზე მენახა. ჩემთვის ეს ბედნიერი წამი იქნება“, - თქვა ლუოლმა, როდესაც საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

ახლა დენგი, რომელმაც მილიონობით დოლარი გამოიმუშავა NBA-ში, გულუხვად ხარჯავს მას საკუთარი ქვეყნის ნაკრების განვითარებაზე.

„ლუოლი ამ გუნდს ოთხი წელია საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს. ის იხდის სპორტული დარბაზების, სასტუმროების, ავიაბილეთების, ყველაფრის საფასურს. მადლობა მას და პერსონალს. მათ გარეშე ჩვენ ამ გუნდის შეკრებას ვერ შევძლებდით,“ – განაცხადა სამხრეთ სუდანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როიალ აივიმ 2024 წლის ოლიმპიადაზე.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბოსმანის წესი და ახალი ეპოქა - როგორ შეიქმნა სატრანსფერო ფანჯარა
ბოსმანის წესი და ახალი ეპოქა - როგორ შეიქმნა სატრანსფერო ფანჯარა