Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

კლივლენდი - დეტროიტი 112 - 90

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 7 შეხვედრა გაიმართა, ტური კლივლენდში „კავალიერსისა“ და „დეტროიტის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „კლივლენდმა“ მესამე მეოთხედი 15 ქულიანი სხვაობით მოიგო და საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია.

„კავსის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა 31 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა სასტარტო ხუთეულში გამწესებულმა ლერი ნენსმა - 22 ქულა, 15 მოხსნა.

„დეტროიტს“ ბლეიკ გრიფინმა ულიდერა 25 ქულით. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ანდრე დრამონდს - 15 ქულა, 9 მოხსნა.

37 მოგებითა და 26 მარცხით „კლივლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

სან ანტონიო - მემფისი 100 – 98

როგორც იქნა მოიგო გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო სპურსმა“, ტეხასელებმა 2 ქულიანი სხვაობით ჩემპიონატის აუთსაიდერი „მემფის გრიზლი“ დაამარცხეს.

„სპურსის“ მხრიდან ტონი პარკერი გამოირჩა 23 ქულით, 17 ქულა შესძინა გუნდს დავის ბერტანსმა. საინტერესოა, რომ სასტარტო ხუთეულიდან მხოლოდ 1 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. ტრამვის შემდეგ დაბრუნებულმა ლამარკუს ოლდრიჯმა კი 7 ქულა შესძინა გუნდს.

„მემფისს“ მარკ გაზოლმა ულიდერა ორმაგი დუბლით - 23 ქულა, 10 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ჯამაიკლ გრინმა - 14 ქულა, 15 მოხსნა.

37 მოგებითა და 27 მარცხით ტეხასელები დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

 

ინდიანა - მილოუკი 92 – 89

საინტერესო დაპირისპირება შედგა ინდიანაპოლისში, სადაც ადგილობრივმა „პეისერსმა“ „ხარირმები“ სამქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„ინდიანას“ ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა 29 ქულით. სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ ოლადიპომ. 25 წლის უკანახაზელმა 19-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა და ბურთი 10-ჯერ დაკარგა.

„ბაქსის“ რიგებში იანის ანტატეკუნპო გამოირჩა ორმაგი დუბლით 18 ქულა, 12 მოხსნა. 26 ქულა მიითვალა ერიკ ბლედსოუმ. სათადარიგო სკამიდან კი 15 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯაბარი პარკერმა.

37 მოგებითა და 27 მარცხით „პეისერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ლეიკერსი - პორტლენდი 103 – 108

ტურის დასკვნითი მატჩი ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ლეიკერსი“ და „პორტლენდი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, აიზეამ 103-106-ზე ჯერ ტექნიკური საჯარიმო ააცილა შემდეგ კი სამქულიანი საერთოდ ვერ ისროლა.

„პორტლენდს“ ტრადიციულად დამიან ლილარდმა ულიდერა 39 ქულით, საიდანაც 19 „ტრეილ ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა მეოთხე მეოთხედში მოაგროვა. ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში იუსუფ ნურკიჩმა - 16 ქულა, 16 მოხსნა.

„ლეიკერსის“ სასტარტო ხუთეულის ყველა მოთამაშემ გადალახა 10 ქულიანი ნიშნული. 21 ქულა მოუტანა გუნდს ჯულიუს რენდელმა, სათადარიგო სკამიდან 19 ქულა მოაგროვა აიზეა ტომასმა, თუმცა 29 ქწლის გამთამაშებელმა 21-დან მხოლოდ 5 ბურთი მოათავსა კალათში.

38 მოგებითა და 26 მარცხით „პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ჩიკაგო - ბოსტონი 89 – 105

იუტა - ორლანდო 94 – 80

მაიამი - ფენიქსი 125 - 103

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები