დინამო ტორპედოს მიუახლოვდა - ქუთაისელებმა თელავში ქულები დაკარგეს
დღეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXX ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, საიდანაც ერთში ფავორიტმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, მეორეში კი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. გულშემატკივარს იმედები „ტორპედომ“ გაუცრუა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად „თელავს“ ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, საბოლოოდ მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდა. რაც შეეხება „დინამო თბილისს“, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სატურნირო ცხრილის აუტსაიდერს ფოთის „კოლხეთს“ აჯობა.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე ალეკო ბასილაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-6 გოლი გაიტანა. ძალიან მალე ფელიპე პირესმა ქუთაისელების უპირატესობა სოლიდური გახადა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა, მაგრამ მასპინძლებმა, კერძოდ კი ანდრია დევდარიანმა და ალეკო ანანიძემ ერთმანეთზე ლამაზი გოლებით სტუმართა იმედებს ცივი შხაპი გადაასხეს და თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა.
„ტორპედოსგან“ განსხვავებით, გამარჯვება არ გასჭირვებია „დინამოს თბილისს“, რომელმაც „კოლხეთს“ 3:1 აჯობა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა სამივე ბურთი შესვენებამდე გაიტანეს. ჯერ თორნიკე მორჩილაძემ გიორგი გვასალიას მოპოვებული პენალტი აქცია გოლად, შემდეგ მათე ვაწაძემ ჩვეულ სტილში თავური დარტყმით აიღო ფოთელების კარი, ხოლო შემდეგ გიორგი ხარაიშვილმა ეფექტური საჯარიმო დარტყმა გაიტანა. ერთადერთი, რაც „კოლხეთმა“ მოახერხა, დიტო ფაჩულიას პრესტიჟი გოლი იყო.
ამ გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზე მყოფმა „დინამო თბილისმა“ მესამეადგილოსან „ტორპედოსთან“ ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გათამაშებას კი 62-62 ქულით „იბერია“ და „დილა“ ლიდერობენ. ტური ხვალ, „გარეჯი“ – „სამგურალის“ მატჩით დასრულდება, რომელიც „მიხეილ მესხი 2“-ზე 19:00 საათზე დაიწყება.