სანტოსის მატჩი გამოტოვა და პოკერს თამაშობდა - ნეიმარის მორიგი სკანდალი
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, „სანტოსის“ შემტევმა, ნეიმარმა 22 მარტს „კრუზეიროსთან“ მატჩი „დატვირთვის განაწილების მიზნით“ გამოტოვა, უქმეებზე კი ჯამში 24 საათი პოკერის თამაშს დაუთმო.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, 16 საათის განმავლობაში ნეიმარი ონლაინ ტურნირზე თამაშობდა, მათ შორის იმ დროსაც, როცა პარალელურად „სანტოსი“ „კრუზეიროს“ ეთამაშებოდა.
მედიის ინფორმაციით, პირველადი შენატანის სახით ნეიმარმა 5 ათასი დოლარი გადაიხადა, შემდეგ კი ისევ ტურნირში დაბრუნების მიზნით კიდევ 20 ათასი დოლარი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი შემტევი ტურნირს სულ მცირე 4-ჯერ გამოეთიშა.
პოკერის ონლაინ-ტურნირში მონაწილეობა ნეიმარმაც დაადასტურა.
„დიახ, ონლაინპოკერს ვთამაშობდი. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, ყველაფერი რიგზეა. ბოლო დღეების განმავლობაში „სანტოსს“ ვერ ვეხმარებოდი, დატვირთვის განაწილების გამო თავისუფალი დრო მქონდა, რომელიც იმას დავუთმე, რაც ფეხბურთის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს - ეს პოკერის თამაშია“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე 5 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ნეიმარი „სელესაოში“ ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის არ შეიყვანა და მიზეზად ფეხბურთელის არასათანადო ფიზიკური კონდიციები დაასახელა. მისი თქმით, „ნეიმარს მუნდიალზე მოხვედრის შანსი აქვს, მაგრამ არა ასეთ ფორმაში“.