„თანაგუნდელს ჩემთვის არ დაურტყამს, არც მე დამირტყამს“ | ვალვერდეს განცხადება
„რეალის“ ფეხბურთელმა, ფედერიკო ვალვერდემ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ორელიენ ჩუამენისთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა. ვალვერდემ გულშემატკივრებს დეტალები გაუზიარა და განაცხადა, რომ საავადმყოფოში ვიზიტი შემთხვევითი ტრავმით იყო განპირობებული.
„გუშინ, სავარჯიშო სესიის დროს, ჩემს თანაგუნდელთან ინციდენტი მომივიდა. შეჯიბრებით გამოწვეული გადაღლილობისა და იმედგაცრუების გამო ყველაფერი საზღვრებს გასცდა. ჩვეულებრივ გასახდელში ასეთი რამ ხდება ხოლმე და, როგორც წესი, შიდა სამზარეულოშივე გვარდება — გასაჯაროების გარეშე.
აშკარაა, რომ ამ ყველაფრის უკან ვიღაც დგას, ვინც ამბავს სწრაფად ავრცელებს, ხოლო უტიტულო სეზონის ფონზე, როდესაც რეალი მუდმივი კრიტიკისა და დაკვირვების ქვეშაა, ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება.
დღეს კიდევ ერთი უთანხმოება მოგვივიდა. კამათის დროს შემთხვევით მაგიდას დავეჯახე, რის გამოც შუბლზე მცირე ჭრილობა მივიღე და საავადმყოფოში გეგმიური ვიზიტი გახდა საჭირო. ჩემს თანაგუნდელს ჩემთვის არ დაურტყამს და არც მე დამირტყამს მისთვის. მესმის, რომ თქვენთვის უფრო ადვილია დაიჯეროთ, თითქოს ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდით ან ეს განზრახ მოხდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.
ვგრძნობ, რომ სიტუაციით გამოწვეულმა ბრაზმა და იმედგაცრუებამ იმის დანახვის გამო, თუ როგორ ვცდილობთ და გვიჭირს ზოგიერთებს სეზონის ბოლოს მივაღწიოთ და ყველაფერს ვდებთ, მიმიყვანა იქამდე, რომ თანაგუნდელს ვეკამათე. ვწუხვარ. მართლა ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს სიტუაცია ჩემთვის მტკივნეულია.
მადრიდის რეალი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა და მის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები. ეს ყველაფერი დაგროვილი ემოციების შედეგია, რაც ამ უაზრო დაპირისპირებით დაგვირგვინდა. ამან დააზიანა ჩემი იმიჯი და გააჩინა ეჭვები, რის საფუძველზეც დაიწყეს ამბების გამოგონება, ცილისწამება და შემთხვევითობის გამო ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება მოედნის გარეთ გვქონდეს, მოედანზე ქრება და თუ მისი დაცვა სტადიონზე მომიწევს, ამას პირველი გავაკეთებ.
სეზონის ბოლომდე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მთელი ბრაზი თუ წყენა ჩემთვის დავიტოვე. კიდევ ერთი წელი დავკარგეთ და არ ვიყავი იმ განწყობაზე, რომ სოციალურ ქსელებში პოსტები მეწერა მაშინ, როდესაც ჩემი ერთადერთი სათქმელი მოედანზე უნდა ყოფილიყო — და ვფიქრობ, ასეც ვიქცეოდი. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად მე მტკივა ეს სიტუაცია, რომელიც სამედიცინო გადაწყვეტილების გამო მომდევნო მატჩში თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და სხვებზე მეტად მტკივა, რომ ახლა ამის გაკეთება არ შემიძლია. მზად ვარ, კლუბისა და თანაგუნდელების წინაშე ვითანამშრომლო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ. მადლობა“, — დაწერა ვალვერდემ.
ცნობისთვის, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ჩუამენიმ მას სახეში მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც ვალვერდე წაიქცა, მაგიდას თავი დაარტყა და ჭრილობა მიიღო. ფედერიკო საავადმყოფოში სწორედ ამის გამო წავიდა.