ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა | გადრანის კარგი თამაში და გამარჯვება
ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, 31 ტურის შემდეგ ბეითარი საუკეთესო ექვსეულს 70 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანს 1 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება. ბოლო ტურში ბეითარმა სტუმრად თელ-ავივის ჰაპოელი დაამარცხა (0:1), ლუკა გადრანმა კვლავ 90 წუთი ითამაშა და ერთ მომენტში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მატჩის წინ ბეითარის მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ იცხაკიმ ლუკა გადრანზე ისაუბრა: „ძალიან, ძალიან პოზიტიური პიროვნებაა. ნამდვილი ლიდერია. მშვიდ ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც ყვირილი და ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებათ, არამედ ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენენ. ეს მოედანზეც ჩანს, როდესაც ასე მოქმედებს, მის გარშემო მყოფ მოთამაშეებს მოტივაციას მატებს. ჩვენი დაცვითი თამაში განსაკუთრებით მისი მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა უნდა აღინიშნოს მთლიანი გუნდის დაცვითი თამაში და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთამაშის. ეს ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვიდა და გაიარა ადაპტაცია. იმედი მაქვს, ის კვლავ ასე გააგრძელებს“.
29 წლის ლუკა გადრანი ბეითარს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. უმაღლესი ლიგის 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მთავარი მწვრთნელის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს, 26 მატჩიდან 25 სასტარტოდან დაიწყო. სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ერთ შეხვედრაში იჯდა, როცა ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო.
ლუკა ამბიციურ კლუბში თამაშობს, მწვრთნელისგან დიდი ნდობით სარგებლობს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ამასთან ერთად, ბოლო მატჩებიდან გამომდინარე ლუკა გადრანი ეროვნული ნაკრების დაცვის ხაზის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა და მისი ასპარეზობა ყურადღებას იმსახურებს.