პრინციპული გამარჯვება კონკურენტთან - იბერიამ დილას მოუგო და გალიდერდა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXX ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართა, დაძაბული, სანახაობრივი და ეფექტური გოლებით აღსავსე გამოდგა, რომლის საბოლოო შედეგმაც შესაძლოა ჩემპიონის ბედიც კი გადაწყვიტოს. „იბერიამ“ „დილა“ 2:1 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში ქულებით გაუთანაბრდა და გამომდინარე იქიდან, რომ გორელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს, სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
თამაში ულამაზესი გოლით დაიწყო - მე-13 წუთზე ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ შორიდან ყუმბარისებური დარტყმით გახსნა ანგარიში. ამ გოლიდან ზუსტად ექვს წუთში არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, ერთ-ერთ ეპიზოდში უხეშობისთვის მასპინძლების ფეხბურთელი გურამ გოშთელიანი გააძევა, რითაც ერთი შეხედვით „იბერია“ მძიმე მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე მსგავსი არაფერი მომხდარა. ტაიმის ბოლოს თბილისელებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ჯგერენაიას მოპოვებული პენალტი ლუკა სილაგაძემ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე იყო ჯინჯოლავა, რომლის კუთხურის შემდეგაც დეო ბასინგამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფმა სტუმრებმა შეძლეს თამაშის ბოლოს ოთარ ფარულავას ლამაზი გოლია, თუმცა მეტი ვეღარაფერი მოახერხეს და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.
ცნობისათვის, წლევანდელ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ამ გუნდებს შორის გამართული ოთხი მატჩიდან ოთხივე „იბერიას“ გამარჯვებით დასრულდა.