გიორგი ჯოხაძე
Aa
Aa

„2 წელია ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ერთი სპონსორი არ გამოჩენილა“ - დილას დირექტორი პრობლემებზე და გამოსავალზე

საქართველოში საკლუბო ფეხბურთი რომ ღრმა კრიზისშია, ამის ნათელი დასტური უკანასკნელ წლებში Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლების ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე უსუსური გამოსვლაა. მართალია, შედეგობრივად სხვებს ბევრად არ აღემატება, მაგრამ როგორც წესი „დილა“ გულშემატკივრებისგან შედარებით ნაკლებ შენიშვნებს იღებს, რადგან კენჭისყრაში გამუდმებით არ უმართლებს და ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირების მიუხედავად, მუდამ ბრძოლაში ეთიშება ტურნირს.

გორის კლუბში მიმდინარე პროცესების გარდა, „დილას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსვლის თავისებური ვერსია წარადგინა, რომელსაც არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

გიორგი ჯოხაძე

სიმართლე გითხრათ, სეზონის დაწყებამდე ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი სამეულში მოხვედრა იყო, თუმცა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ მიზნად ყველა ტურნირის მოგება დაისახა. საქართველოს სუპერთასზე წარმატებას უკვე მიაღწია და ახლა ანალოგიური შედეგებისთვის Crystalbet ეროვნულ ლიგასა და დავით ყიფიანის სახელობის თასზე იბრძვის.

ყველა მწვრთნელი, რომელსაც „დილაში“ ვნიშნავთ, ჩვენგან ითხოვს კონტრაქტში სპეციალური პუნქტის შეტანას, რომლის მიხედვითაც, თუ სათანადო ვარიანტი გამოუჩნდება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ წასვლის უფლება უნდა მივცეთ. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ასეა, რომ საქართველო ყველასთის ერთგვარ ტრამპლინად ითვლება.

ასე მოხდა რუი მოტას შემთხვევაშიც - სასაცილოა, მაგრამ სანამ წავიდოდა, ერთი კვირით ადრე, „დილა“ მისმა ასისტენტმა დატოვა და ჩემთან გაბრაზებული საუბრობდა, ასე როგორ მომექცა და შუა გზაში დაგვტოვაო. ზუსტად ერთ კვირაში კი თავად დამირეკა და მითხრა, რომ სომხეთში მიდიოდა. უარს ნამდვილად ვერ იტყოდა, რადგან „ნოას“ ხელმძღვანელებმა უთხრეს, რამდენიც გაქვს ხელფასი, ერთი ნული მიუმატე და აქ მაგდენს მოგცემთო.

მიუხედავად იმისა, რომ „დილა“ მარკეტინგულად გამართული კლუბია და გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, გვაქვს რამდენიმე მიმართულება, სადაც მოვიკოჭლებთ. ბილეთებისა და ტელეტრანსლაციების გაყიდვიდან შემოსავალი საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ უკვე მეორე წელია ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ერთი სპონსორიც არ გამოჩენილა.

მაქვს ჩემი ინდივიდუალური მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვეძებოთ კრიზისიდან გამოსვლისა და ევროპულ საკლუბო გათამაშებებზე წარმატების მიღწევის გზები. უნდა დაწესდეს საპრიზო თანხა, პირობითად 10 მილიონი, რომელსაც საქართველოს ჩემპიონი მიიღებს და ეს თანხა ფეხბურთელების ხელფასებში ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს. ამავდროულად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ფულის სწორ ხარჯვას გააკონტროლებს.

თუ Crystalbet ეროვნული ლიგის გამარჯვებული რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში შევა, მან ამ საპრიზო თანხით მომდევნო წელს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდება, აღარ უნდა ისარგებლოს, რადგან უეფასგან იმხელა თანხის აკუმულირებას შეძლებს, რომ თვითმყოფად ორგანიზაციად გადაიქცევა. ეს პირობითად 10 მილიონი კი იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონი იგივე გუნდი გახდება, ვიცე-ჩემპიონმა უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ „დილას“ წლევანდელ სეზონში სამი ტურნირის მოგების შანსი აქვს. გორელებმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი უკვე მოიგეს, დავით ყიფიანის თასზე ნახევარფინალში არიან გასულები, ხოლო Crystalbet ეროვნულ ლიგაში 29 ტურში დაგროვებული 62 ქულით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი განთავისუფლება უსამართლობა იყო“ - გეგუჩაძის პირველი კომენტარი
„ჩემი განთავისუფლება უსამართლობა იყო“ - გეგუჩაძის პირველი კომენტარი