დილამ გაგრა 5:0 გაანადგურა | ბასილაძის 8 საგოლე მოქმედება ბოლო ექვს მატჩში
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გორის „დილამ’’ „თენგიზ ბურჯანაძეზე’’ „გაგრა’’ 5:0 გაანადგურა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე სირილ ედუძის გადაცემის შემდეგ დეო ბასინგამ გაიტანა. 70-ე წუთზე დეო ბასინგამ დუბლი შეასრულა, საგოლე პასი არუნა უატარას ანგარიშზეა.
20 წლის დეო ბასინგა კონგოს რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდია. „დილაში'' გადასვლამდე ბელგიური „გენტის'' მეორე გუნდში ირიცხებოდა. 2024 წლის ზაფხულიდან „დილაში'' თამაშობს, ყველა ტურნირის ჩათვლით 40 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე პასია.
75-ე წუთზე ცვლილებაზე აბდალა ხლაიხალი გამოვიდა და 76-ე წუთზე გაიტანა. 86-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ლამაზი დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდა. 89-ე წუთზე ხლაიხალმა დუბლი შეასრულა.
ქუთაისის „ტორპედომ'' შინ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „იბერიას'' 3:1 მოუგო.
მე-19 წუთზე ბიორნ იონსენის პასის შემდეგ ალეკო ბასილაძემ ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ექვს მატჩში ბასილაძის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია.
32-ე წუთზე ფელიპე პირესის გადაცემით ვარლეი და სილვამ ანგარიში ორამდე გაზარდა. 41-ე წუთზე ლუკა სილაძის შესრულებულ სტანდარტს ბაქარ ქარდავას გოლით მოჰყვა. მატჩის საბოლოო ანგარიში ფელიპე პირესმა დააფიქსირა, ლადო მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ მაკარიძეს აჯობა და ცარიელ კარში შეაგდო.
29 ტურში „დილამ’’ 62 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „იბერიას’’ 3 ქულით უსწრებს. „ტორპედო’’ 49 ქულით მესამეა, მეოთხეადგილოსან თბილისის „დინამოსთან’’ სხვაობა 3 ქულაა, თუმცა ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს ამ ტურში არ უთამაშია. თუ ხვალ „სამგურალს’’ სტუმრად მოუგებს, „ტორპედოს’’ ქულებით გაუთანაბრდება.