პირველი მედალი გრან პრიზე - ეგაძის მორიგი წარმატება
ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია და თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირზე ხელშესახებ წარმატებას აღწევს. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც მან საფრანგეთში გამართულ პრესტიჟულ გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს შეჯიბრება ნიკას ალბათ კარიერის ბოლომდე დაამახსოვრდება, რადგან მსგავსი სახის შეჯიბრებაში მას საპრიზო ადგილი აქამდე არასოდეს ჰქონდა დაკავებული.
მოკლე პროგრამაში ეგაძემ - 95,67 მეასედი ქულა დააგროვა და მონაწილეებს შორის მეორე შედეგი აჩვენა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში ჟიურის მხრიდან 163,74 ქულა დაიმსახურა და ორი პროგრამის ჯამში 259,41 ქულას მოუყარა თავი. უნდა აღინიშნოს, რომ ეგაძე მართლაც არაჩველებრივ ფორმაშია, რაც მის გამოსვლა თითოეული კომპონენტების შესრულების დროსაც იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, თბილისის ყინულის სასახლეში გამართულ თრიალეთის თასის სახელწოდების საერთაშორისო ტურნირში ნიკოლოზ ეგაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.