„ეს ტურნირის ფალსიფიკაციაა“ - ალონსო ტებასს დაუპირისპირდა
უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგისა და იტალიის სერია A-ს თითო-თითო შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში გაიმართება, რასაც უფრო დიდი პროტესტი და უკმაყოფილება ესპანეთში მოჰყვა. ამის ნათელი დასტური იყო „ოვიედო“ – „ესპანიოლის“ მატჩის დაწყებამდე გუშინ მომხდარი საპროტესტო 15-წამიანი პერფომანსი. დღეს კი, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ხეტაფესთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ლა ლიგის მხრიდან მიღებული წმინდა წყლის კომერციული გადაწყვეტილების გამო, ხავიერ ტებასი საჯაროდ გააკრიტიკა.
რას ამბობს ალონსო
ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება ისეთივეა, როგორც ორი თვის წინ იყო და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ ესპანეთის ჩემპიონატის ფალსიფიკაციაა და სხვა არაფერი. „ოვიედო“ – „ესპანიოლის“ მატჩის დაწყებამდე გამოთქმული პროტესტი პოზიტიური სიგნალი იყო და საჭირო პერფომანსი, რადგან ტებასს კლუბების ფეხბურთელების მოსაზრებები არ აინტერესებს და მას ხმა სწორედ ერთიანობით უნდა მივაწვდინოთ“.
შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს შორის ურთიერთობა პირველად შარშანდელ სეზონში დაიძაბა და მას შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.