სვენ-გორან ერიქსონის ლაციო | გზა ნანატრ სკუდეტომდე
რომის „ლაციოს“ ახლა რთული პერიოდი უდგას - ბოლო 10 წელიწადში „არწივები“ სერია ა-ს საუკეთესო სამეულში მხოლოდ ერთხელ მოხვდნენ (მეორე ადგილი 2022-23 წლებში). გუნდმა ერთხელ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ სუპერთასი, მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ „ლაციომ“ ტოპკლუბის სტატუსი დაკარგა.
„ოქროს ხანა“ რომაული კლუბის ისტორიაში შვედი სპეციალისტის, სვენ-გორან ერიქსონის სახელს უკავშირდება, რომლის ხელმძღვანელობითაც „ლაციო“ საუკუნეების მიჯნაზე ტიტულებისთის შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე იბრძოდა.
90-იანი წლების ბოლოს ერიქსონი შემდგარ სპეციალისტად ითვლებოდა. მისი კარიერა სამშობლოში, „გიოტებორგში“ დაიწყო, სადაც მან 4 ტიტული, მათ შორის უეფას თასი მოიგო. შემდეგ იყო ორი პერიოდი „ბენფიკაში“, იტალიაში კი ერიქსონს „რომასა“ და „სამპდორიაში“ მუშაობით იცნობდნენ - ორივე გუნდში მან იტალიის თასის მოგება მოახერხა.
1997 წლის ბოლოს ერიქსონმა „სამპდორია“ დატოვა და ახალ გუნდს ეძებდა. მისი დანიშვნა „ბლექბერნს“ სურდა და ყველაფერი თითქმის შეთანხმებული იყო, მაგრამ შვედს „ლაციო“ დაუკავშირდა. „კარგი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ 20 წელი არაფერი მოეგოთ. ვიცოდი მათი ამბიციების შესახებ, ამიტომ ვთხოვე „ბლექბერნის“ ხელმძღვანელებს და რომაული კლუბი ჩავიბარე“.
პირველი სეზონი: ფსიქოლოგიური პრობლემებიდან პირველ ტიტულამდე
1997-98 წლების სეზონის წინ „ლაციომ“ სატრანსფერო ბაზარზე შთამბეჭდავად იმუშავა: 18 მილიონად „არწივებმა“ რობერტო მანჩინი, ვლადიმირ იუგოვიჩი, ალენ ბოქშიჩი და მატიას ალმეიდა დაიმატეს. პირველ ტურში „ლაციომ“ შინ „ნაპოლის“ მოუგო, „მილანთან“ და „ინტერთან“ ფრედ ითამაშა, რომაულ დერბიშიც იმარჯვა, მაგრამ საერთო ჯამში არასტაბილურად გამოიყურებოდა.
მე-11 ტურში „არწივებმა“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ წააგეს, შემდეგ ბოქშიჩის გოლით „ბრეშას“ მოუგეს და ამას 16-მატჩიანი წაუგებელი სერია მოაყოლეს. 28-ე ტურში „ლაციო“ „იუვეს“ მასპინძლობდა - მარჩელო ლიპის გუნდი პირველ ადგილზე იყო, რომაელები კი მესამეზე, მაგრამ ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულა იყო.
ერთადერთი გოლი ზინედინ ზიდანის პასით ფილიპო ინძაგიმ გაიტანა. მინიმალური ანგარიში დიდწილად მეკარეების დამსახურება იყო - როგორც ანჯელო პერუციმ, ისე ლუკა მარკეჯანიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. „ლაციოს“ წაუგებელი სერია შეწყდა და, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვა - „არწივებმა“ მომდევნო 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღეს. შედეგად, მე-7 ადგილი ჩემპიონატში.
გულშემატკივრების გახარება ერიქსონის გუნდმა იტალიის თასზე მოახერხა - მეოთხედფინალში ორი გამარჯვება „რომასთან“, ნახევარფინალში დამარცხებული „იუვენტუსი“ - შვედი სპეციალისტის გუნდს ორმატჩიანი ფინალი ელოდა - ფაბიო კაპელოს „მილანის“ წინააღმდეგ. „სან-სიროზე“ გამართული მატჩის ბედი ჯორჯ ვეას გოლმა გადაწყვიტა. საპასუხო მატჩშიც „მილანი“ დაწინაურდა, თუმცა რომაელებმა 10 წუთში 3 გოლის გატანა მოახერხეს (გოტარდი, იუგოვიჩი, ნესტა) და 1974 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგეს.
ევროსარბიელზე „ლაციო“ უეფას თასის ფინალამდე მივიდა, სადაც „პარკ დე პრენსზე“ რონალდოს „ინტერთან“ განადგურდა (0:3). მატჩის შემდეგ ალესანდრო ნესტამ თქვა, რომ რონალდოს აყვანა შეუძლებელია, თუმცა ერიქსონი მას არ ეთანხმებოდა: „რონალდოს შეუძლია, მატჩის ბედი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა არასწორი მენტალიტეტი იყო“.
„ლაციოში“ ერიქსონის მუშაობას გაწონასწორებული სატრანსფერო პოლიტიკა ახასიათებდა: ყველა ახალწვეული გუნდს იდეალურად შეეწყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაგალითად, ბოქშიჩი, რომელმაც წინა სეზონში „იუვეში“ 3 გოლი გაიტანა, „ლაციოში“ დაბრუნების შემდეგ 15-ჯერ გამოიჩინა თავი და პაველ ნედვედთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რობერტო მანჩინიმ 12 საგოლე პასით ალესანდრო დელპიეროსთან ერთად სერია ა-ს საუკეთესო ასისტენტობა გაიზიარა.
მეორე სეზონი: საერთაშორისო წარმატება და მეტის მოლოდინი
1998-99 წლების სეზონის წინ „ლაციომ“ კრისტიან ვიერი, მარსელო სალასი, დეიან სტანკოვიჩი და სერჟიო კონსეისაო დაიმატა. გუნდს ასევე შეუერთდა სინიშა მიხაილოვიჩი, რომელთანაც ერიქსონი „სამპდორიაში“ მუშაობდა. „ლაციომ“ სეზონი ცუდად დაიწყო: 10 მატჩში მხოლოდ 3 მოგება და 4 ფრე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან.
„ინტერთან“ სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ (5:3), „არწივები“ ჯერ „მილანთან“, შემდეგ კი „რომასთან“ დამარცხდნენ. რომაულ დერბიში ერიქსონის გუნდი 3:1 იგებდა, მეტოქე კი 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი, მაგრამ „არწივებმა“ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, მატჩი კი ფრედ 3:3 დასრულდა. 11 ტურის შემდეგ „ლაციო“ სატურნირო ცხრილში მეათე იყო.
მე-11-დან 26-ე ტურამდე „ლაციოს“ ისევ წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა ამას მოჰყვა მარცხი „რომასთან“ და „იუვენტუსთან“. მიუხედავად ამისა, პირველ ადგილზე ცხრილში კვლავ ერიქსონის გუნდი იყო. ბოლოსწინა ტურში „ლაციომ“ „ფიორენტინას“ ვერ მოუგო, „მილანმა“ კი „ემპოლის“ მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. „არწივებმა“ სკუდეტო სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაუშვეს ხელიდან. იტალისს თასს ერიქსონის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა, თუმცა სეზონი უტიტულოდ მაინც არ დაასრულეს: იტალიის სუპერთასთან ერთად „ლაციომ“ თასების მფლობელთა თასიც მოიგო - მოსკოვში გამართულ ფინალში „მალიორკას“ კარში გოლები ვიერიმ და ნედვედმა გაიტანეს.
ისევე როგორც წინა სეზონში, ახალწვეულებმა სეზონი შესანიშნავად ჩაატარეს. გუნდის 5 საუკეთესო ბომბარდირს შორის 4 ახალწვეული იყო, საუკეთესო კი 24 გოლით მარსელო სალასი გახდა.
მესამე სეზონი: ნანატრი ჩემპიონობა
1999 წლის ზაფხულში „ლაციო“ სერია ა-ს ვარსკვლავებით გაძლიერდა: ერიქსონის გუნდს სიმონე ინძაგი, დიეგო სიმეონე, ნესტორ სენსინი და ხუან სებასტიან ვერონ შეუერთდნენ. მთავარ მიზანს კვლავ სკუდეტო წარმოადგენდა და ამას განსაკუთრებული ქვეტექსტიც მიეცა, ვინაიდან 2000 წელს „ლაციოს“ დაარსებიდან 100 წელი უსრულდებოდა.
სეზონი „ლაციომ“ უეფას სუპერთასზე სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერის“ დამარცხებით დაიწყო, დამაჯერებელი იყო ჩემპიონატის სტარტზეც (ერთი მარცხი პირველ 10 ტურში). „ლაციომ“ ცხრილში პირველობა მხოლოდ 21 ტურში დაკარგა (ფრე „პარმასთან“), 26-ე ტურში კი გასვლაზე „ვერონასთან“ დამარცხდა. ყველა ფიქრობდა, რომ ამჯერადაც წინა ორი სეზონის ისტორია განმეორდებოდა, ვინაიდან „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა უკვე 9 ქულა იყო. თუმცა სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გარდამტეხი.
„22 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსის“ ვხვდებოდით. ვფიქრობდი, რომ მარცხის შემთხვევაში სამსახურს დავკარგავდი. პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ, მაგრამ ხასიათი ვაჩვენეთ და 2:1 მოვიგეთ. ამას მოჰყვა მოგებული რომაული დერბი და გასვლითი მოგება „იუვენტუსთან“ - ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა“, - იხსენებდა ერიქსონი.
30-ე ტურში „ფიორენტინასთან“ ფრეს შემდეგ ლაციომ ზედიზედ 3 თამაში მოიგო, მაგრამ ბოლო ტურის წინ „იუვეს“ 1 ქულით ჩამორჩებოდა. ბოლო ტურში „ლაციო“ შინ „რეჯინას“ ხვდებოდა, „ბებერი ქალბატონი“ კი „პერუჯას“ სტუმრობდა. ერიქსონის ბიჭებმა 3:0 მოიგეს, „იუვენტუსმა“ კი მოულოდნელად 0:1 წააგო. „პერუჯას“ მცველის, ალესანდრო კალორის გოლმა „ლაციოს“ ნანატრი სკუდეტო მოუტანა (მეორე კლუბის 100-წლიან ისტორიაში).
სვენ-გორან ერიქსონი იტალიაში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ეს ჯილდო უცხოელებს მხოლოდ ორჯერ აქვთ მოგებული (ერიქსონი და ჟოზე მოურინიო). „ლაციომ“ იტალიის თასიც მოიგო და „ოქროს დუბლი“ გაიფორმა.
„ლაციო“ ჩემს კარიერაში საუკეთესო გუნდია. ჩვენ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეეძლოთ მატჩის მოგება. ერთ-ერთი ასეთი სინიშა მიხაილოვიჩი იყო - მსოფლიოში საუკეთესო ცაცია. გოლების გატანა შეეძლოთ ნედვედს, მანჩინის, ვერონს, სალასს... გუნდში ერთი ლიდერი კი არა, 11 ლიდერი გვყავდა. ყველა ფეხბურთელს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა. მათ სჯეროდათ, რომ ტიტულების მოგება შეუძლიათ“, - ამბობდა ერიქსონი.
შვედი სპეციალისტი აღიარებდა, რომ პოზიციური შეტევები მის გუნდს კარგად გამოსდიოდა, მაგრამ „ლაციოს“ მთავარი იარაღი კონტრშეტევები იყო. მანჩინისა და მიხაილოვიჩს ზუსტი პასის შესრულება მოედნის ნებისმიერ წერტილში შეეძლოთ.
ერიქსონმა „ლაციო“ 2000 წლის ზამთარში დატოვა და ინგლისის ნაკრები ჩაიბარა - „ეს იყო ყველაზე დიდი პოზიცია, რომელიც ოდესმე ჩემთვის შემოუთავაზებიათ. მინდოდა, რომში კიდევ ერთი სეზონით დარჩენა, მაგრამ როდესაც ინგლისიდან დამირეკეს, მივხვდი, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გაქვს და უარის თქმა არ შეიძლება“.
მისი ბოლო მატჩი „ლაციომ“ შინ „ნაპოლისთან“ წააგო, იმდროინდელ ლიდერ „რომას“ „არწივები“ 11 ქულით ჩამორჩებოდნენ. რომში ერიქსონმა 7 ტიტული მოიგო - საუკეთესო შედეგი კარიერაში. შვედმა სპეციალისტმა „ლაციო“ იტალიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცია და თანაბრად ძლიერი იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
ძალიან მალე კომპანია CIRIO-მ, რომელიც კლუბს სპონსორობას უწევდა, თავი ბანკროტად გამოაცხადა, რომაულ კლუბს კი ლიდერების გაყიდვა მოუწია, თუმცა იმ „ლაციომ“ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, „არწივების“ გულშემატკივრები კი იმ პერიოდს ახლაც ნოსტალგიით იხსენებენ.