ესპანეთი ელჩეში თამაშის დღეს ჩავა? | საქართველოსთან მატჩი გადადების საფრთხის ქვეშ არაა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ესპანეთთან გამართავს. მატჩი ელჩეში, „ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 22:45 დაიწყება.
Marca-ს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სტადიონზე მედიისთვის განკუთვნილი მატჩისწინა აქტივობები გაუქმდა. ესპანეთის ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ლევანტეს რეგიონში მაღალი რისკის ამინდის განგაში გამოაცხადა. ელჩეში მთელი დღის განმავლობაში ძლიერად წვიმდა და Marca-ს მიხედვით, გაფრთხილების წითელი დონე ხვალაც ძალაში იქნება.
„ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა, თავის დაზღვევის მიზნით, ალტერნატიული გეგმები შეიმუშავა. ხვალ, ყველაზე ძლიერი წვიმაა გამოცხადებული, თუმცა შაბათისთვის საფრთხის დონე იკლებს და საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი გადადების რისკის ქვეშ არ არის. ერთი სანერვიულო საკითხი მინდვრის საფარის მდგომარეობაა, მაგრამ ელჩეს სტადიონი მზრუნველობის, ორგანიზებულობისა და თავდაცვის იდეალური მაგალითია“, - წერს Marca.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ესპანეთის ნაკრებს პრობლემები შეუქმნა. „ფურია როხა“ ელჩეში ჩასვლას ხვალ, პარასკევს აპირებდა, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელები მგზავრობის გადადებაზე სერიოზულად ფიქრობენ. განიხილება ვარიანტი, რომ ესპანეთი ელჩეში თამაშის დღეს ჩავიდეს. თუ „ფურია როხამ“ უეფასგან თანხმობა მიიღო, რომ მატჩისწინა პრესკონფერენცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში, „სიუდად დელ ფუტბოლ დე ლარ როსასში“ გაიმართოს, გუნდი ელჩეში მატჩის დღეს ჩავა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდი ალიკანტეში იმყოფება და იქ ემზადება. ალიკანტედან ელჩეში ჩასვლას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება. ამჟამად, ალიკანტეში წითელი გაფრთხილება მოქმედებს, რადგან ძლიერი წვიმისა და წყალდიდობების რისკი არსებობს. ამ პირობებში, ალიკანტეში დაგეგმილი მრავალი კულტურული და მუსიკალური ღონისძიება გაუქმდა. ხვალ, ყველაზე ძლიერი წვიმაა გამოცხადებული და საგანგებო სიტუაციების გეგმები ამოქმედდა.