უფრო მშვიდად მძინავს, როცა ჯანმრთელადაა | სანიოლმა კიტეზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული შეკრების წინ „მიხეილ მესხზე'' პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა ოთარ კიტეიშვილს ეხებოდა, რომელიც სექტემბერში ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა.
სანიოლი: „კიტეიშვილის შესახებ ძალიან ხშირად ვსაუბრობ, მის მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. გუშინდელი გოლი მას თავდაჯერებას შესძენს და მჯერა, რომ ნაკრებშიც დაგვეხმარება. ზოგადად ვიტყვი, რომ უფრო მშვიდად მძინავს, როდესაც ვიცი, რომ ჯანმრთელადაა, მზადაა და ნაკრებში თამაში შეუძლია.
კიტეიშვილი ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია. მას რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად თამაში შეუძლია. გუშინ გოლი გაიტანა, მძიმე პერიოდის შემდეგ პოზიტიური მომენტია''.
სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა: „ჩაკვეს ტრავმაზე ახალს ვერაფერს გეტყვით, მას შვიდი თვეა არ უთამაშია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წელს მარტის თამაშებისთვის შეძლებს ჩვენს დახმარებას. ჩაკვეტაძემ იცის, თუ როგორ გვაკლია. ის მენტალურად ძლიერი დაგვიბრუნდება შემდეგ წელს“.
გასულ სეზონში, ხუთ აპრილს ჩაკვეტაძე „ბრისტოლთან'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მე-60 წუთზე თამაშში ჩაერთო. ამ მატჩის შემდეგ არ უთამაშია, 7 თვე გაუცდა და ამას ის ფაქტი ემატება, რომ მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია.
როგორც სექტემბრის მიწურულს „უოტფორდის'' პრესსამსახურმა გვაცნობა, ჩაკვეტაძე ანტი-გრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა, რათა რეაბილიტაციის პარალელურად ფეხზე დატვირთვა ეტაპობრივად გაზრდილიყო. გიოს აღნიშნულ ვარჯიშზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც სამედიცინო შტაბმა დატვირთვები გაუზარდა. როგორც „უოტფორდი“ წერს, „ჩაკვეს“ ამაზეც დადებითი რეაქცია ჰქონდა და სამედიცინო შტაბი იმედიან განწყობას ინარჩუნებს. „ჩაკვეტაძე მუშაობს, რათა პრობლემური და რთულად მოსაშუშებელი ტრავმიდან დაბრუნდეს,“ - წერს „კრაზანების“ ოფიციალური ვებგვერდი.