ამ შესაძლებლობას ორივე ხელით ჩავეჭიდე | იეგოიანი ცნობილ გამოცემას ესაუბრა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „ექსელსიორის'' შემტევი ირაკლი იეგოიანი ნიდერლანდურ გამოცემა Voetbal International-ს ესაუბრა. ფეხბურთელმა ყოფილ კლუბებში გატარებული პერიოდები გაიხსენა. ასევე, აღნიშნა, რომ „ექსელსიორში'' გადასვლით ოცნება აუხდა, რადგან ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში ითამაშა.
ირაკლი იეგოიანი: „ერედივიზიე ჩემი ოცნებაა, ამ შესაძლებლობას დიდი ხანი ველოდი. ვგრძნობდი ამ ნაბიჯისთვის მზად ვიყავი. ინდივიდუალური კუთხით გასული სეზონი კარგი მქონდა. „ვიტესში’’ კიდევ ერთი სეზონის გატარება კარგი იქნებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შესაძლებლობა გაჩნდა. ამ შესაძლებლობას ორივე ხელით ჩავჭიდე. „ექსელსიორის’’ ისტორია და გეგმა სწორი იყო.
„ტვენტეში’’ ყოფნისას რამდენიმე მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მაგრამ არ მათამაშეს. მაშინ ერედივიზიეში თამაში ძალიან მინდოდა, გასახურებლად გამიშვეს, მაგრამ სამწუხაროდ მოედანზე არც მაშინ შემიყვანეს, როცა დიდი ანგარიშით ვიგებდით. 21-წლამდე გუნდში მათამაშებდნენ, მაგრამ იქ დაბალი დონე იყო, პროგრესს ვერ მივაღწევდი’’.
21 წლის ფეხბურთელი „აიაქსისა'' და „ტვენტეს'' აკადემიების აღზრდილია. გასულ სეზონში პროფესიულ დონეზე პირველად ითამაშა, „ვიტესის'' რიგებში 37 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა, გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ზაფხულში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და ახლა რამაზ სვანაძის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია.
მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში „ექსელსიორის'' მაისურით რეგულარულად თამაშობს, ბოლო ხუთ მატჩში სასტარტოში იყო და მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო მატჩში შეცვალეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გუნდში ენდობიან და კარგ ფიზიკურ ფორმაშია.