ქართველი ვიცე-ჩემპიონები - პარამოფარიკავეების წარმატება
ინდონეზიაში გამართული ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასის გათამაშება საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ფინალამდე ყველა მეტოქე მარტივად დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ტაილანდელებთან 14:20 წააგო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ქალთა ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრის, ირმა ხეცურიანის დაბადების დღეა და იუბილე მან სანაკრებო წარმატებით კიდევ უფრო გაილამაზა.
საერთო ჯამში აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ექვსი მედლით დაასრულა. გუნდურ შეჯიბრებამდე გამართულ ინდივიდუალურ გამოსვლაში ხმალში A კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილი დაამარცხა. B კატეგორიაში კი ირმა ხეცურიანმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დისციპლინას რაპირას, აქ როგორც ნინა თიბილაშვილი, ასევე ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.