სექსუალური ძალადობა არასრულწლოვან ქალ ფეხბურთელებზე - ესპანელ მწვრთნელს 61 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ესპანელ მწვრთნელს ფეხბურთელებზე ძალადობისთვის 61 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, უელვას პროვინციის სასამართლომ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელს, რომელიც 2023 წლის 11 იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება, სექსუალური ძალადობისთვის 60 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის მსხვერპლთა სიაში 21 არასრულწლოვანი ფეხბურთელი იმყოფება.
ჯამში მამაკაცი დამნაშავედ 31 დანაშაულში ცნეს: ხუთ ეპიზოდში - 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის, 14 ეპიზოდში - გამუდმებული სექსუალური ძალადობისთვის 16 წლამდე პირებზე, 5 ეპიზოდში - სექსუალური ძალადობისთვის, 4 ეპიზოდში - სექსუალური შევიწროებისთვის, 2 ეპიზოდში - 16 წელს ზემოთ პირებზე სექსუალური შევიწროებისთვის და 1 ეპიზოდში - სექსუალური შევიწროებისთვის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (ზიანის ანაზღაურება და დაგვიანებული აღიარება).
ამ დანაშაულებისთვის მას სხვადასხვა სასჯელი განესაზღვრა: ექვსი თვიდან სამი წლისა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთამდე. გარდა ამისა, მას დაეკისრა აკრძალვა, რომ ვერ მიუახლოვდეს 20 დაზარალებულს 200 მეტრზე ახლოს და ვერ დაუკავშირდება მათ 5 წლის განმავლობაში, ხოლო ერთ დაზარალებულთან მიმართებით - 10 წლის განმავლობაში.
სასჯელის საერთო ვადა 61 წელს არ გადააჭარბებს: ესპანეთის კანონმდებლობით, რეალური პატიმრობის ვადა ვერ აღემატება იმ ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის სამმაგს. ასევე ითვლება უკვე მოხდილი პატიმრობის ვადაც. გარდა ამისა, სასჯელის მოხდის შემდეგ ის 5 წლის განმავლობაში უნდა დარჩეს ზედამხედველობის ქვეშ და ჩამოერთმევა უფლება, რომ ნებისმიერი სახის ანაზღაურებადი თუ აუნაზღაურებადი საქმიანობა წარმართოს არასრულწლოვნებთან მწვრთნელის ან ინსტრუქტორის სტატუსით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017-2022 წლებში იგი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მწვრთნელი იყო ქალთა საფეხბურთო კლუბში, უელვაში. მასალების მიხედვით, იგი „სისტემატურად ურტყამდა ფეხბურთელ გოგონებს საჯდომზე, ეხუტებოდა და ხელით ინტიმურ ადგილებში ეფერებოდა“. ასევე „ხშირად აკეთებდა გარეგნობასთან დაკავშირებულ კომენტარებს სექსუალური ქვეტექსტით, მათი თანხმობის გარეშე“.
ზოგიერთ მათგანს ის ეხებოდა ინტიმურ ადგილებში და კოცნიდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. გოგონებს აიძულებდა, გაეხადათ ქვედა საცვალი „მასაჟისთვის“, რომელიც, მისი თქმით, აღდგენის მიზნით იყო საჭირო. ასევე, სხვადასხვა საბაბით შედიოდა გასახდელებში და სველი წერტილებში, რათა მათთვის ეყურებინა და ტანსაცმლის ჩაცმისას მათთან ერთად ყოფილიყო.
2023 წლის 11 იანვარს, პირველი საჩივრის შეტანის შემდეგ, პოლიციამ მწვრთნელის კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა, სადაც აღმოაჩინეს რამდენიმე წყვილი ქალის საცვალი (ზოგიერთი მათგანი მსხვერპლს ეკუთვნოდა), ორი საპარსი, კრემები და ორი ყუთი გამოუყენებელი ქალის საცვლით.