ნიუკასლი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„შარშან ვნახეთ რაც მოგვივიდა, ვიცით რა გამოვასწოროთ“ - ფლიკი ჩემპიონთა ლიგაზე

ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონში „ბარსელონას“ მიზნებზე ისაუბრა. ასევე თავისი გუნდის მდგომარეობა შეაფასა.

„ნიუკასლთან“ მატჩის წინ, გერმანელმა სპეციალისტმა პრესის კითხვებს უპასუხა.

სენტ ჯეიმს პარკის შესახებ:

„აქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ატმოსფერო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ველი, რომ დავინახავ ძლიერ გუნდს, რომელიც ინტენსიურად ითამაშებს და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მეორე ბურთებს. ედი ჰაუ შესანიშნავი სპეციალისტია, საოცარი სამუშაო აქვთ შესრულებული“.

რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად:

„ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, თითოეულ შეხვედრაში სრული ძალით თამაშია საჭირო. ამაში გასულ სეზონშიც დავრწმუნდით. ვიცით რა გვაქვს გამოსასწორებელი. ბევრი ვისწავლეთ და ყოველ დღე უკეთესები უნდა ვხდებოდეთ. ვფიქრობ, თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა აჩვენოს, რამდენად კარგია. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, სამ ფეხბურთელს კი ახლა ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაინც უნდა დავანახოთ, რა შეგვიძლია“.

ზეწოლაზე:

„ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად გამოცდილი გუნდიც ვართ. ესპანელ ფეხბურთელებს კარგად აქვთ გამოცდილი, რას ნიშნავს ზეწოლის ქვეშ თამაში. შარშან რამდენიმე ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა, მაგრამ მისი აღმოფხვრა შევძელით. თავდაჯერებულები ვიყავით, თუმცა მნიშვნელოვანია თავიდანვე სტაბილურად დავიწყოთ“.

ტურნირი და ბარსას მიზანი:

„ამაზე ზედმეტად ბევრს არ ვფიქრობ. ყველა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს მიზნად. ბარსელონაც ამ ამბიციის ნაწილია. სეზონის ბოლოს ვნახავთ, სადამდე მივალთ,“

– აღნიშნა ფლიკმა.

„ბარსელონა“ „ნიუკასლთან“ დანაკლისით ითამაშებს. კატალონიელებს ლამინ იამალი, გავი და ალექს ბალდე დააკლდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები