კროუფორდი თოფურიაზე: არც კი ვიცი, ვინაა
ტერენს კროუფორდმა არიელ ჰელვანის შოუში ილია თოფურიაზე ილაპარაკა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ რინგზე ამერიკელ მოკრივეს პირველივე დარტყმით დაანოკაუტებდა.
კროუფორდის თქმით, არც კი იცის, ვინაა ქართველი მებრძოლი.
„როცა მან UFC-ზე მნახა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მომესალმა... მე არც კი ვიცოდი, ვინ იყო ის. შემდეგ ვნახე, რომ ინტერნეტში წერს, თითქოს პირველივე რაუნდში გამანოკაუტებს. ეს ფეიკია. მე კლავიატურის უკან დამალვას არ ვაპირებ “, - განაცხადა კროუფორდმა.
მისივე თქმით, თოფურია „ცდილობს, პოპულარობა მოიპოვოს“ და ის კონორ მაკგრეგორის დონესთან ახლოსაც კი არ არის.
„მოდით, რეალობას შევხედოთ. არასოდეს შეადაროთ ის კონორს. როგორც ვთქვი, ამ ბიჭს არ ვიცნობ. მისი ჩხუბი არასდროს არ მინახავს“, - აღნიშნა კროუფორდმა.
შეგახსენებთ, რომ ტერენსმა ბოლოს 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში იჩხუბა და კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის Super Middleweight ტიტულები მოიპოვა.
რაც შეეხება „ელ მატდორს“, ილია თოფურიამ UFC-ში მეორე დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ივნისში მოიპოვა და ახლა მომდევნო მეტოქის მოლოდინშია.