„შეიძლება, დაგღალეთ კიდეც“ - ანორთოსისმა ქეცბაია წარადგინა
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ მესამედ დაბრუნდა.
ქართველმა სპეციალისტმა პრეზენტაციაზე კვიპროსულ გუნდში დაბრუნებასა და მიზნებზე ისაუბრა.
რა თქვა ქეცბაიამ:
„შესაძლოა, უკვე დამღლელიც გავხდი, მაგრამ „ანორთოსისში“ მესამედ ვბრუნდები. გუნდში, რომელიც ფეხბურთელის ოცნებების ასრულებაში დამეხმარა, მაგრამ რაც მთავარია, აქ მწვრთნელის კარიერა ავიწყე. აქ ისეთ რამეებს მივაღწიეთ, რასაც ბევრი ადამიანი სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა.“
„გვინდა, რომ ხალხი გუნდის გვერდით იყოს, რადგან ეს მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ არის. ეს ერთადერთია, რაც ხალხმა ფამაგუსტადან ჩამოიყვანა და დახმარების პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს.“
„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ხალხს ვერ დავპირდებით, რომ თასებს მოვიგებთ. უბრალოდ, ახლა გუნდს გვერდში დგომა სჭირდება, როგორც გითხარით, ეს ყველას პასუხისმგებლობაა. დავეხმაროთ ამ გუნდს ამ რთულ მომენტში. ვხედავთ, რომ მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ყველაფერი ისე არ დაიწყო, როგორც ხალხი ელოდა.“
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. კვიპროსში ფეხბურთი შეიცვალა. გუნდები ვეღარ მიჰყვებიან ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან „პაფოსი“ და „არისი“. არა იმიტომ, რომ მათ ჩვენზე უკეთ იციან რა არის გასაკეთებელი, არამედ იმიტომ რომ მათ უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია.“
„პირველივე თამაშიდანვე გვსურს ვნახოთ, რამდენად გვიყვარს ეს გუნდი. ახლა წინა სეზონებთან შედარებით, განსხვავებული მიზნები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ კვლავ შევძლებთ მაღალი მიზნების მიღწევას.“
თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. კვიპროსის ჩემპიონატში წლევანდელ სეზონში უკვე 2 ტურია ჩატარებული და „ანორთოსისმა“ მხოლოდ 1 ქულა აიღო. ქეცბაიას დებიუტი 13 სექტემბერს, გათამაშების მესამე ტურში „აეკის“ წინააღმდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისმა“ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ქართველ მწვრთნელთან ერთად მიაღწია, როდესაც 2008 წელს თემურმა ეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.