თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: “მსაჯების გამო არ წაგვიგია, ჩემი გუნდით ვამაყობ“

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 79:93 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა.

შენგელია

„პირველ რიგში ფინეთს გამარჯვებას ვულოცავ. დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი ვცადეთ. სამწუხაროდ, ძალები სრულად ვერ გამოვავლინეთ. მათი გაჩერება გაგვიჭირდა. ვფიქრობ, უნდა ვიამაყოთ, რადგან ამ ტურნირზე ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, დღეს არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ ეს წარმატებას არ ცვლის.

დღეს ჩვენ მსაჯების გამო არ წაგვიგია. იყო უსამართლო მომენტები, მაგრამ ამის გამო არ წაგვიგია. ისინი დღეს ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ჩემი თავით იმედგაცრუებული ვარ. არ მომეცა შესაძლებლობა, რომ ფინეთის მწვრთნელისთვის მიმელოცა. იმედი მაქვს ვიპოვი და მივულოცავ.

დღეს ძალიან რთული თამაში იყო. მოკლედ რომ ვთქვა, გვაჯობეს. ეს უნდა ვაღიაროთ. 3-ქულიანები ძალიან წარმატებით ისროლეს. შეცდომები დავუშვით. სამწუხაროდ თავიდანვე გაგვექცნენ და მხოლოდ შემდეგ მოვახერხეთ რეაბილიტაცია. კი დღეს დამწუხრებულები ვართ. ალბათ მთელი ქვეყანაც, რადგან შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. ამ დამწუხრებას ჩემთვის სიამაყის გრძნობა ფარავს. ვამაყობ ბიჭებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით და ყველათი.

უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც ამხელა გზაზე აქ ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც უმრავლესობა ტელევიზორს იყო მიჯაჭვული და გვქომაგობდა. იმედი მაქვს, ბიჭებმა, რაც გავაკეთეთ, ამით ამაყობთ. გვინდოდა მსოფლიოსთვის ჩვენი ხასიათი და მებრძოლი სული დაგვენახებინა.“

საბოლოო ჯამში, ფინეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანია-სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.

ჩვენმა ნაკრებმა კი ევრობასკეტ 2025-ზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა - 1/4-ფინალურ სტადიაზე პირველად ვითამაშეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები