„ისტორიული მატჩი გველოდება“ | სანიკიძე ფინეთთან შეხვედრაზე
ბიჭები საბრძოლო განწყობაზე არიან, ისტორიული მატჩი გველოდება, პირველად ვართ ევრობასკეტის რვა საუკეთესო გუნდს შორის, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ პირველ არხთან ევრობასკეტზე ფინეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ განაცხადა.
როგორც სანიკიძე აღნიშნავს, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბიჭები საბრძოლო განწყობაზე არიან, ისტორიული მატჩი გველოდება, პირველად ვართ ევრობასკეტის რვა საუკეთესო გუნდს შორის. მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში გავდივართ და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრის მნიშვნელობა ძალიან დიდია.
ბიჭები თავს კარგად გრძნობენ. გუშინ ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში ჩაატარეს და საბრძოლო განწყობაა. უნდა ვიბრძოლოთ ბოლო წუთამდე, ეს მათ ჩვენი გულშემატკივრისთვის არაერთხელ უჩვენებიათ.
რა თქმა უნდა, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა თამაშის დროს. დღესაც რიგაში ორი ჩარტერული რეისი შესრულდა. მათი ყოფნა დამატებითი მოტივაციაა. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა. მადლობა პრემიერს, რომელმაც ამ ჩარტერული რეისებით ჩამოსვლის საშუალება მისცა მათ“, – განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.