„ჯორდანის ამ სიტყვებმა მთელი გუნდი გააერთიანა“ - მეჯიქ ჯონსონმა დრიმ თიმი გაიხსენა
1992 წლის ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირი აშშ-ის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. „დრიმ თიმში“ ისეთი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, როგორებიც არიან მაიკლ ჯორდანი, ლარი ბერდი, სკოტი პიპენი, ჯონ სტოკტონი, ჩარლზ ბარკლი და მეჯიქ ჯონსონი.
სწორედ მეჯიქ ჯონსონმა გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს მაიკლ ჯორდანის ლიდერის თვისებებზე და მის სიდიადეს უსვამს ხაზს.
„ჯორდანმა „ბულსთან“ ერთად ზედიზედ მეორე ჩემპიონობა მოიგო და მოსალოდნელი იყო, რომ ნაკრებსაც სწორედ 29 წლის მაიკი უკაპიტნებდა. ასე ფიქრობდა მთავარი მწვრთნელი ჩაკ დეილიც. პირველივე დღეს მან ყველა კალათბურთელს ერთ ოთახში გვიხმო და თქვა, რომ ნაკრების კაპიტანი ჯორდანი იქნებოდა, თუმცა მაიკისგან უარი მიიღო - „არა, კაპიტნობას არ ვიმსახურებ. კაპიტნები მეჯიქი და ლარი უნდა იყვნენ“. ჯორდანის ამ სიტყვების შემდეგ უბრალოდ გამორიცხული იყო, რომელიმე სხვა მოთამაშეს ნაკრებში ეგოისტურად ემოქმედა“.
ცნობისთვის, NBA-ის კალათბურთელები ოლიმპიადაზე პირველად სწორედ 1992 წელს დაუშვეს. ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა „დრიმ თიმმა“ (ოცნების გუნდი) ყველა მატჩი მოიგო (საშუალოდ 43 ქულიანი უპირატესობით) და ფინალში ხორვატიის ნაკრები დაამარცხა 117:85.