მატჩი ზღვის დონიდან 4150 მეტრზე | ბოლივიამ ბრაზილიას მოუგო და პლეიოფშია
კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა წააგო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში „სელესაო“ სტუმრად ბოლივიას დაუპირისპირდა. თამაში ზღვის დონიდან 4150 მეტრზე მდებარე ქალაქ ელ ალტოში გაიმართა (ბრაზილიამ ამ სიმაღლეზე პირველად ითამაშა) და „ლა ვერდემ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გავიდა. მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც მიგელიტომ გამოიყენა და „ლა ვერდემ“ 1:0 მოიგო. ბრაზილიასთან აღებული სამი ქულის წყალობით, ბოლივიამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. „ლა ვერდემ“ მეშვიდე პოზიცია დაიკავა და პლეიოფში მიიღებს მონაწილეობას.
„როდესაც ერთი გუნდი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე თამაშობს, რათა როგორღაც გაიმარჯვოს, მეორე გუნდი არახელსაყრელ სიტუაციაში ვარდება. გარდა ამისა, ჩაკეტილი მატჩი იყო და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რამაც ყველაფერი გაართულა“, - განაცხადა მატჩის შემდეგ რაფინიამ.
„დღევანდელ შეხვედრაში გუნდური და ინდივიდუალური ძალისხმევა ვაჩვენეთ. აქ თამაში ძალიან რთულია, თუმცა ეს უკვე ცნობილი ფაქტი იყო. ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს და მძიმე თამაში გამოვიდა, როგორც ტექნიკური, ისე ფიზიკური გადმოსახედიდან. ჩვენს გამოსვლაზე დაყრდნობით, მსოფლიო ჩემპიონატის წინ თავდაჯერებულები ვართ. ნებისმიერი მეტოქისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა და ვფიქრობ, მუნდიალზე წარმატებით ვიასპარეზებთ“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, ბრაზილიამ 28 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიცია დაიკავა. 28 ქულა „სელესაოსთვის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე აღებული ყველაზე მცირე რაოდენობაა.