„30 წუთი გათიშული ვიყავი“ | ბრაიან ორტეგამ საშინელი წონის კლება გაიხსენა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ ალჯამეინ სტერლინგთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. ორთაბრძოლის დაწყებამდე, აწონვის ცერემონიისას, „თისითი“ საშინლად გამოიყურებოდა და გულშემატკივრები აანერვიულა. ორტეგამ მომხდარზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ჩახსნასთან ახლოს იყო.
„ხუთშაბათს წონის კლება დავიწყეთ და 151 ფუნტამდე ჩამოვედით (ქვემსუბუქის ლიმიტი 146-ია). მეორე ჯერზე კლება ღამის 12 საათზე დავიწყე და პროცესი დილის 8 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ კიდევ 1.7 ფუნტი მქონდა დასაკლები. გამიკვირდა, ჩემი სხეულიდან წყალი რატომ არ გამოდიოდა და ვერ მივხვდი რა მჭირდა, თუმცა საჭირო ნიშნულამდე უნდა ჩამოვსულიყავით.
წონის კლების პროცესი გავაგრძელე და სავარჯიშო ველოსიპედზე 20 წუთი გავატარე. როგორც კი ველოსიპედიდან ჩამოვედი, გონება დავკარგე და 30 წუთი გათიშული ვიყავი. ამ დროის განმავლობაში ყინულებს მადებდნენ და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში გავიღვიძე.
ვიცოდით, რომ წონის დასაკლებად დრო კიდევ გვქონდა და როგორც ნახეთ, აწონვის ცერემონიაზე განადგურებული გავედი. სტერლინგი მოვიდა და მითხრა, ვიცი, რაც მოხდაო. ალჯოს ყველაფერი ვუთხარი და მან მიპასუხა: „არ ინერვიულო, UFC-ის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს.“ არ მინდოდა სტერლინგის დრო დამეკარგა.
აწონვის შემდეგ, საჭმელი ვჭამე და მთელი დღე ორგანიზმის რეჰიდრატაციაში გავატარე. თავს ცუდად ვგრძნობდი და მინდოდა, ბრძოლას ჩავხსნოდი. გარეთ გასვლისას გული მიმდიოდა და გონება მეკარგებოდა. ჩემი ორგანიზმი მეუბნებოდა, რომ არ მეჩხუბა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში ჩემი ოჯახის, შემდეგ კი გულშემატკივრების გამო მებრძოლა.“
შეგახსენებთ, რომ ორტეგამ და სტერლინგმა 23 აგვისტოს იჩხუბეს და ალჯომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.