ბილბაო
Aa
Aa

ჯერ სიმსივნე დაამარცხა, შემდეგ კი დოპინგზე ჩავარდა - იერაი ალვარესის ისტორია

ლა ლიგაში სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა: „ბილბაოს“ 30 წლის მცველი, იერაი ალვარესი დოპინგისთვის 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა თვის ცვენის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც ფეხბურთელი ქიმიოთერაპიის შემდეგ იღებდა.

პირველად ალვარესის მხრიდან შესაძლო დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში გახდა ცნობილი. ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ დადებითი პასუხი დოპინგტესტმა ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალის შემდეგ აჩვენა.

„ეს ჩემთვის მძიმე დარტყმა იყო. არ მჯეროდა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია აკრძალული ნივთიერებები. მას შემდეგ რაც ონკოლოგიური დაავადება დავამარცხე, წლების განმავლობაში ალოპეციას (თმის ცვენას) ვებრძვი. შევისწავლეთ სიტუაცია და დავადგინეთ, რომ პრეპარატი, რომელსაც პროფილაქტიკური მიზნით ვიღებ, აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა“, - ამბობს ალვარესი.

ფაქტს გამოეხმაურა ბასკური კლუბი, რომელმაც მომხდარს „ადამიანური შეცდომა“ უწოდა და ფეხბურთელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გამოძიება ორ თვეს გაგრძელდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უეფამ ალვარესი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადგინა, რომ „ფეხბურთელს აკრძალული ნივთიერება განზრახ არ მიუღია, თუმცა ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ პრეპარატი დოპინგს არ შეიცავდა“.

იმის გათვალისწინებით, რომ ალვარესმა ბრალი აღიარა, მისი დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა 2 ივნისიდან დაიწყო - ფეხბურთელი 2026 წლის თებერვლიდან გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას მიიღებს, მოედანზე დაბრუნებას კი აპრილში შეძლებს.

ცნობისთვის, 2016 წელს ალვარესს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ფეხბურთელმა ოპერაცია გადაიტანა, მოედანზე კი 2017 წლის თებერვალში დაბრუნდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერმა დაიბრუნა მწვრთნელი, რომლის გამოც დოპინგ სკანდალში გაეხვა
სინერმა დაიბრუნა მწვრთნელი, რომლის გამოც დოპინგ სკანდალში გაეხვა