კვიპროსი გავანადგურეთ | საქართველოს მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე
ევრობასკეტის C ჯგუფის მე-4 ტურში კვიპროსი საქართველოსთან დიდი ანგარიშით, 61-93 განადგურდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი მხოლოდ 2 ქულით მოიგეს (13-15), მეორე მეოთხედში სხვაობა 14-ქულიანი იყო (13-27), მესამეში - 11-ქულიანი (15-26), ხოლო მეოთხე მეოთხედში - 5-ქულიანი (20-25).
თორნიკე შენგელიამ 27 ქულა ჩააგდო, რაც ამ მატჩში საუკეთესო შედეგია. გოგა ბითაძის აქტივში ორმაგი დუბლია, 21 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ დუდა სანაძემ 10 ქულა ჩააგდო, სანდრო მამუკელაშვილმა კი 10 მოხსნა შეასრულა.
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მოუგო (83-69), მეორე ტურში ჩვენი გუნდი იტალიასთან დამარცხდა (78-62). მესამე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იყო, ჯიკიჩმა აქცენტი ბოლო ორ ტურზე გააკეთა და ქართველი კალათბურთელები ბერძნებთან ბოლომდე არ დახარჯულან (53-94), სხვაობა 41-ქულიანი იყო.
ევრობასკეტის დასკვნით ტურში საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩი ოთხ სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. თუ ამ მატჩს მოვიგებთ, მერვედფინალში ვითამაშებთ. შესაძლოა, მარცხის შემთხვევაშიც გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, თუმცა ამისთვის საჭიროა ესპანეთი ბოლო ტურში საბერძნეთთან დამარცხდეს.