სენსაცია ჩვენს ჯგუფში | ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ევრობასკეტის C ჯგუფში ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებმა სენსაცია შემოგვთავაზა. იუსუფ ნურკიჩის გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა, რომელმაც იანის ანტეტოკოუნმპოს გარეშე იასპარეზა. ბოსნიელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და უძლიერესი მეტოქე 80:77 დაამარცხეს.
მატჩი ბერძნების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათ 25:19 მოიგეს. ბოსნია და ჰერცეგოვინამ მეორე პერიოდი შესანიშნავად ჩაატარა, 25:13 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 44:38-ს იგებდა. საბერძნეთმა მესამე ათწუთეული 17:14 წააგო და თამაშში დაბრუნების მცდელობის მიუხედავად, ევრობასკეტზე პირველად დამარცხდა.
ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებში საუკეთესოები იუსუფ ნურკიჩი და ჯონ რობერსონი იყვნენ. ნურკიჩმა 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი გაიფორმა, ხოლო რობერსონმა - 18 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი. ედინ ატიჩმა 14 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. საბერძნეთის ნაკრებში ყველაზე მეტი, 15 ქულა კოსტას სლუკასმა მიითვალა. ტაილერ დორსიმ მატჩი 14 ქულით დაასრულა.
იუსუფ ნურკიჩი მატჩის MVP გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი და ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებების დაპირისპირება 4 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 16:00-ზე დაიწყება.