კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - იანისმა შესაძლოა ევრობასკეტზე არ ითამაშოს
„მილუოკი ბაქსის“ ბერძენმა ვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ შესაძლოა ევრობასკეტი გამოტოვოს. ამის შესახებ გამოცემა Eurohoops-ი წერს.
იანისი „მილუოკისგან“ წერილობით ნებართვას ელოდება, რათა საბერძნეთის ნაკრების საწვრთნელ ბანაკს შეუერთდეს. ამ ნებართვის გარეშე კი მას არც ვარჯიშებში და არც ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა არ შეუძლია.
NBA-ის კალათბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებსაც კლუბებისგან სანაკრებო დონეზე თამაშის ნებართვა არ სჭირდებათ, იანის ანტეტოკოუნმპო განსხვავებულ სიტუაციაშია მისი კონტრაქტის სიდიდის გამო.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) სტანდარტული სადაზღვევო პოლიტიკა, რომელსაც საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია ფარავს, არასაკმარისად იცავს „მილუოკის“ ინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ იანისი სერიოზულ ტრავმას მიიღებს. სწორედ ამის გამო ბერძენი კალათბურთელი „ბაქსის“ წერილობითი ნებართვის გარეშე პარკეტზე ვერ გადის.
ასეთივე პირობებში არიან NBA-ის სხვა ვარსკვლავები: ნიკოლა იოკიჩი და ლუკა დონჩიჩი, თუმცა როგორც სერბმა, ისე სლოვენიელმა კლუბებისგან წერილობითი ნებართვა უკვე მიიღეს და აქტიურად ემზადებიან ევრობასკეტისთვის.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება. ვასილის სპანულისის გაწვრთნილი გუნდის გარდა ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ესპანეთს, იტალიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდებიან.