„ოქროს ბურთს ვიმსახურებ“ - პსჟ-ს ჰაკიმის ინტერვიუდან ამ ფრაზის ამოჭრა უნდოდა
პსჟ-მ სცადა აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუდან „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებული სიტყვები იქამდე ამოეღო, სანამ გამოქვეყნდებოდა. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
ამ ინტერვიუს შემდეგ, კლუბში დაძაბულობა და უკმაყოფილებაა, რადგან პარიზელთა ოფიციალური პოზიცია ასეთია - ოქროს ბურთის გამარჯვებული უსმან დემბელე უნდა გახდეს. ჰაკიმი კი თვლის, რომ ჯილდოს თავადაც იმსახურებს.
„ვფიქრობ, ოქროს ბურთს ვიმსახურებ, ამის შანსი ნამდვილად მაქვს. ისტორიული სეზონი მქონდა - ბევრ ფეხბურთელს არ გაუტანია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში. მცველისთვის ეს კიდევ უფრო რთულია“.
- განაცხადა ჰაკიმიმ წინა კვირაში Canal+-სთან საუბრისას.
კლუბმა, ინტერვიუს პროვოკაციული შინაარსის გათვალისწინებით (რასაც შესაძლოა დიდი ხმაური გამოეწვია), სცადა ოქროს ბურთზე ჰაკიმის ფრაზა ამოეღო. თუმცა ფეხბურთელმა უარი თქვა, რადგან მიიჩნევს, რომ აქვს უფლება საკუთარი სურვილის შესახებ ღიად განაცხადოს.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით პსჟ ამ სიტუაციაზე „მშვიდად არის“ და სრულად კონცენტრირებულია ევროპის სუპერთასის შეხვედრაზე „ტოტენჰემთან“, რომელიც 13 აგვისტოს გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ოფიციალურად უარყოფს ინტერვიუში ჩარევის მცდელობას, L’Équipe თავის ვერსიას ბოლომდე უჭერს მხარს.
Le Parisien-ს ინფორმაციით კი, კლუბს ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა, რადგან ეს არ ჯდება გუნდის შიდა ურთიერთობებზე ორიენტირებულ პოლიტიკაში, რომელსაც პსჟ ბოლო წლებია მიჰყვება. თუმცა აღინიშნება, რომ ჰაკიმის სიტყვებს გუნდის გასახდელში ბალანსი არ დაურღვევია.