„მისთვის დიდი პრობლემა ვარ“ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე ფაქტობრივად ყველა ინტერვიუში ლაპარაკობს. სომეხმა მებრძოლმა მოქმედ ჩემპიონზე MMA Junkie-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორისთვის“ ურთულესი მეტოქეა.
„თუ ილია ფიქრობს, რომ ჩემთან დამარცხდება, ურჩევნია, საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადოს და მაღალ წონით დივიზიონში ავიდეს. მეორე ვარიანტია, რომ ნახოს, ჩემთან დაკავშირებით რა მოხდება, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის დიდი პრობლემა ვარ. თოფურიას საჩემპიონო ქამარს აუცილებლად დავისაკუთრებ და მან ეს ძალიან კარგად იცის.
ილიას უნდა, მარტივი ჩხუბი აირჩიოს — პედისთან, გეიჯისთან ან ვინმესთან — რათა ფული გააკეთოს და ტიტული იოლად დაიცვას. ჩემთან იგივე არ მოხდება და მას ძალიან გაუჭირდება. UFC-ის ვუთხარი, რომ სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის მზად ვარ. ფორმაში ვიმყოფები, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და ჯანმრთელობის პრობლემები არ მაქვს. თუ მეტყვიან, რომ ოქტომბერში ვინმეს ვეჩხუბო, შემდეგ კი დეკემბერში ილიას დავუპირისპირდე, არანაირი პრობლემა არ მექნება.“
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერია. მას მხოლოდ ისლამ მახაჩევი უსწრებს, რომელიც ქვესაშუალო წონაში გადავიდა, მაგრამ სანამ ბრძოლას არ გამართავს, მსუბუქი წონის რეიტინგში დარჩება.