“გუნდის ლიდერად გვევლინება“ - TuttoFrosinone კვერნაძეზე
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი კვერნაძის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ჯერჯერობით ქართველი თავდამსხმელი კვლავ ფროზინონეს ფეხბურთელად რჩება.
მეტიც, კვერნაძე საკმაოდ კარგ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. ამის შესახებ, გამოცემა TuttoFrosinone წერს.
TuttoFrosinone:
„2 კვირაზე მეტი გავიდა, რაც ფროზინონემ ტერმინილოზე საწვრთნელი შეკრება დაიწყო და ალვინის ხელში ახალი სახე იკვეთება. ფროზინონემ ამხანაგურ მატჩში გეჯემისისა და კვერნაძის გოლებით გაიმარჯვა.
ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი სწორედ გეჯემისის და კვერნაძის სიტუაციაა. ზაფხულის დასაწყისში სიტუაცია ისე ჩანდა, რომ ისინი პროექტის გარეთ რჩებოდნენ, მაგრამ დღეს გუნდის ლიდერებად გვევლინებიან.“
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი კვერნაძემ ფროზინონეს მაისური 33-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მიმდინარე ზაფხულს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში უკვე ორი გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.