"ოლ სტარი" 2018 - მეორე საკონკურსო დღე
გამთენიისას საკალათბურთო დღესასწაული NBA-ში ოსტატობის, სამქულიანების და ჩატენვების კონკურსით გაგრძელდა.
სანახაობრივი და სახალისო გამოდგა ოსტატობის კონკურსი, სადაც ფინალში ერთმანეთს „ბრუკლინ ნეთსის“ სპენსერ დინვიდი და „ჩიკაგო ბულზის“ ლაური მარკანენი დაუპირისპირდნენ.
„ნეთსის“ გამთამაშებელმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოახერხა ბარიერების დაძლევა და მიუხედავად პირველი გაფუჭებული სამიანისა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. დინვიდი ფორმატის ცვლილების შემდეგ პირველი უკანახაზელია, რომელმაც ოსტატობის კონკურსი მოიგო.

დევინ ბუკერის ბენეფისით დასრულდა სამქულიანების კონკურსი, „ფინიქსის“ მსროლელმა ფინალში კლეი ტომპსონი და ტობაიას ჰარისი დაამარცხა.
ბუკერმა 25-დან 20 სამქულიანი ჩააგდო და რეკორდულ 28 ქულას მოუყარა თავი.

ჩატენვების კონკურსით დასრულდა „ოლ სტარის“ რიგით მეორე დღე, ფინალში ერთმანეთს ლერი ნენსი ჯუნიორი და დონოვან მიჩელი დაუპირისპირდნენ, „ჯაზმენების“ ახალწვეულმა ბოლო ჩატენვა ვინს კარტერის „ტორონტო რეპტორზის“ ფორმით შეასრულა და ვინსის 2000 წლის „DUNK” გაიმეორა.
საბოლოოდ მიჩელმა 98 ქულა დააგროვა და 2 ქულით აჯობა ლერი ნენსი ჯუნიორს.
