სექსუალური ძალადობის საქმეზე მაკგრეგორის აპელაცია არ დაკმაყოფილდა
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონი კონორ მაკგრეგორი სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ დუბლინის სააპელაციო სასამართლომაც ცნო.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ირლანდიელ მებრძოლს 2018 წელს ნიკიტა ჰენდის მიმართ სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად. მანამდე ქალის ადვოკატმა განაცხადა, რომ მაკგრეგორი ჰენდს მილიონ ევროს სთავაზობდა, თუ ის სასამართლოდან სარჩელს გამოიტანდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ნიკიტა ჰენდის ადვოკატის განცხადებას მაკგრეგორი X-ზე გამოეხმაურა.
„მე ამ ქალისთვის ან მისი ადვოკატისთვის არაფერი შემითავაზებია. ისინი თავიდანვე კომპენსაციის მიღებას ცდილობდნენ და სწორედ მათ შეატყობინეს პრესას, თითქოს მილიონს ვთავაზობდი და უარი თქვეს. ეს სრული სიცრუეა! როდესაც ნიკიტა ჰენდი სასამართლომ ტყუილში გამოიჭირა, მისი ადვოკატები ჩემს იურისტებს დაუკავშირდნენ და იკითხეს, დავთანხმდებოდი თუ არა 3 მილიონი ევროს გადახდას. რა თქმა უნდა, არასოდეს დავთანხმდები იმ ადამიანთან მორიგებას, რომელიც ჩემს შესახებ ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!“
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ მაკგრეგორს დაზარალებული ქალისთვის 250 000 ევროს გადახდა დააკისრა.