უარი 120 მილიონ გირვანქა სტერლინგზე | ნიუკასლი ისაკს ჯერ არ უშვებს
„ლივერპულმა“ ალექსანდერ ისაკისთვის ბრძოლა დაიწყო. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მერსისაიდელებმა „ნიუკასლს“ ოფიციალური წინადადებით მიმართეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
„ლივერპულის“ შეთავაზება 120 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის იყო (138.5 მილიონი ევრო), რასაც ბონუსები დაემატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შვედ ფეხბურთელს „ენფილდზე“ გადასვლა სურს, „ნიუკასლის“ უარი განაპირობა იმან, რომ „კაჭკაჭებს“ მისი სათანადო შემცვლელი არ ჰყავთ.
რომანოს ცნობით, „ნიუკასლი“ პოზიციას მინიმუმ იქამდე არ შეიცვლის, სანამ ისაკის სათანადო შემცვლელს არ იპოვის. გარანტირებული არაა, რომ ეს მოხდება და შესაძლოა, ტრანსფერი ვერ დაიხუროს. The Athletic დასძენს, რომ „წითლები“ „კაჭკაჭებს“ კიდევ ერთ შეთავაზებას გაუკეთებენ და ოფიციალური წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავენ.
Sky Sports News-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. „კაჭკაჭები“ ცდილობენ, ისაკი გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებაზე დაიყოლიონ, რომელშიც გამოსასყიდ პუნქტს ჩადებენ, მაგრამ ფეხბურთელი ამაზე კატეგორიულ უარს ამბობს და კლუბის დატოვებაზეა ორიენტირებული.