„ხამზატის კარდიოს სათანადოდ ვერ აფასებთ“ - ბელალის პროგნოზი ჩიმაევის გამარჯვებაა
რამდენიმე კვირაში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრა გაიმართება, სადაც დრიკუს დუ პლესი ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება და მისი მეტოქე ამჯერად დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დუ პლესი ქამრის მოქმედი მფლობელია, ძალიან ბევრი უპირატესობას ჩიმაევს ანიჭებს და ასეთივე აზრზეა ბელალ მუჰამადიც, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი ადამიანი ხამზატ ჩიმაევის კარდიოსა და გამძლეობას სათანადოდ ვერ აფასებს. დრიკუს დუ პლესის მოუხერხებელი სტილი აქვს, თუმცა მეტოქეებს ბევრს ურტყამს და ამ გზით მათ მაქსიმალურად ღლის. თუ ჩიმაევი პირველივე რაუნდში სამხრეთ აფრიკელზე დიდ ზეწოლას არ მოახდენს და მის დაფინიშებას არ შეეცდება, არ გეგონოთ, რომ ხამზატი განწირულია, პირიქით, ის ასე ენერგიას დაზოგავს - მე ფსონს ჩიმაევზე ვაკეთებ.
ცნობისათვის, ბელალ მუჰამადი ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონია და ქამარი მან რამდენიმე თვის წინ დაკარგა, როდესაც ჯეკ დელა მადალენასთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.