„ჯონსთან ამიტომ არ ვმეგობრობდი“ - ხაბიბმა მიზეზი გაამხილა
ჯონ ჯონსის აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, UFC-ის ამერიკელ მებრძოლს MMA-ში ყველა დროის საუკეთესო და ლეგენდა ბევრმა უწოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არავისთვის ყოფილა. სამაგიეროდ, გასაოცარი გახლდათ ხაბიბ ნურმაგომედოვის სიტყვები, რომელმაც ამერიკელის დასახასიათებლად ასევე გამოიყენა სიტყვა ლეგენდა, რასაც როგორც თავად „ბოუნსმა“ განაცხადა, ისიც არ ელოდა. რატომ იყო თავის დროზე მათ შორის დაძაბული ურთიერთობა, ან საერთოდ იყო თუ არა ასეთი, ამის თაობაზე დაუმარცხებელმა დაღესტნელმა ჩემპიონმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„მე და ჯონ ჯონსი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ. სიმართლე გითხრათ, მასთან ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობის სურვილიც ნაკლებად მქონდა, რადგან ჩემი ერთი მეგობარი მუდმივ კონფლიქტში იყო „ბოუნსთან“ და სულ გაბრაზებული გახლდათ ჯონსზე. ასე რომ, ჯონთან ჩემი მხრიდან დამეგობრება მაშინ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ყოველთვის დენიელ კორმიეს მხარეს ვიყავი“.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსმა კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რის შემდეგაც მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ავტომატურად ტომ ასპინალი გახდა.