„მისი დამარცხების რეცეპტს მივაგენი“ - იანის საჩემპიონო ამბიცია
პეტერ იანი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას მაქსიმალურად ცდილობს და საამისოდ გასულ შაბათს აბუ-დაბიში მარკუს მაკგის დამარცხებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა, რის შემდეგაც სამომავლო გეგმების გამხელასაც არ მოერიდა. რუსმა მებრძოლმა სურვილი გამოთქვა დვალიშვილი - სენდჰეგენის ბრძოლა დააზღვიოს, რის შემდეგაც უკვე სატიტულო ჩხუბის მოთხოვნაზეც საფუძვლიანი პრეტენზია ექნება.
პეტერ იანი
ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა და მისი დამარცხება შემიძლია. მთავარია ბრძოლის წინ სრულიად ჯანმრთელი ვიყო. საწვრთნელ პროცესში რა უნდა შევცვალო და როგორ უნდა დავგეგმო მოსამზადებელი კემპი, ამის შესახებ უკვე ბოლომდე ჩამოვყალიბდი. გარდა ამისა, ისიც ვიცი, რას უნდა ველოდო მერაბისგან და პასუხისთვის მზად ვარ. ერთი სიტყვით, „მანქანის“ დამარცხების რეცეპტი აღმოვაჩინე.
შეგახსენებთ, რომ პეტერ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის პირველი ბრძოლა UFC Fight Night 221-ზე შედგა, სადაც „მანქანამ“ რუსი მეტოქე ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.