სასუოლო შეთავაზებას ამზადებს | ბოლო ინფორმაცია საბა გოგლიჩიძეზე
„ემპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძის, გადაბირებით რამდენიმე კლუბი არის დაინტერესებული. 21 წლის მცველის საკუთარ რიგებში ხილვა „სასუოლოსაც“ სურს და, ბოლო ინფორმაციით, „ნეროვერდი“ შეთავაზებას ამზადებს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „ემპოლიმ“ ბარტერის სურვილი გამოთქვა, რომელშიც გოგლიჩიძე და კას ოდენტალი იქნებოდნენ ჩართული. იტალიელი ჟურნალისტის, ლორენცო ლეპორეს, ინფორმაციით, „სასუოლო“ ალტერნატიულ წინადადებას ამზადებს, რომელსაც „ემპოლის“ მალე წარუდგენს.
„ნეროვერდი“ აპირებს, ტოსკანელებს 6 მილიონი ევრო შესთავაზოს და გარიგებაში ლუკა მორო ჩართოს. ლეპორეს ცნობით, „ემპოლი“ 8 მილიონ ევროს ითხოვს. „სასუოლოს“ გარდა, გოგლიჩიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს „პარმაც“ ადევნებს და, „მიდტიულანდის“ ვარიანტიც არის. დანიური პრესის მიხედვით, „მიდტიულანდი“ მზადაა, საბაში 4 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა.