„ჯეკი ყველა კომპონენტში აჯობებს“ - ადესანია მადალენა-მახაჩევის ჩხუბზე
ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მომავალი საჩემპიონო დაპირისპირება იმ ბრძოლათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ოფიციალურად ჯერჯერობით არ ჩანიშნულა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ჯეკ დელა მადალენას ტიტულის დაცვა მსუბუქი წონიდან ასულ ისლამ მახაჩევთან მოუწევს. გულშემატკივართა უმრავლესობა თვლის, რომ დაღესტნელს ავსტრალიელთან იოლი გასეირნება არ ელოდება, ხოლო ისრაელ ადესანია საერთოდაც მიიჩნევს, რომ ბრძოლა მადალენას გამარჯვებით დასრულდება.
ისრაელ ადესანია
არა მგონია ისლამს ჯეკთან გრეპლინგში, ან დგომში რაიმე უპირატესობა ჰქონდეს. ამ ბრძოლას მოუთმენლად ველოდები, რადგან ვთვლი, რომ მადალენა აუცილებლად გაიმარჯვებს. სადაც არ უნდა ჩატარდეს ეს დაპირისპირება, აუცილებლად ჩავალ და ავსტრალიელის მოგებას ადგილზე ვიზეიმებ.
28 წლის ჯეკ დელა მადალენას დებიუტი შერეულ ორთაბრძოლებში 2016 წელს შედგა, UFC-ში კი 2022 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ ჩატარებული რვა ბრძოლიდან რვავე მისი გამარჯვებით დასრულდა. ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი მაისში მოიპოვა, როდესაც ბელალ მუჰამადი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.